ძველრომაულ ნაქალაქარ პომპეიში მონების საცხოვრებელი ოთახი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ძველრომაულ ნაქალაქარ პომპეიში მონების საცხოვრებელი ოთახი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

იტალიაში, ძველრომაულ ქალაქ პომპეიში აღმოაჩინეს უზადოდ შემონახული ოთახი, რომელშიც ერთ დროს მონები ცხოვრობდნენ.

პატარა, 16 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში დგას სამი საწოლი, ღამის ქოთანი, რომელსაც ტუალეტად იყენებდნენ, ხის სკივრი, რომელშიც ცხენის აღკაზმულობა აწყვია. უბრალო ოთახს მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს. არქეოლოგებმა ასევე იპოვეს ეტლის ლილვი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მონები საკუთარ ოთახს სახელოსნოდაც იყენებდნენ.

ერთ-ერთი საწოლი ბავშვის უნდა ყოფილიყო. ოთახში სავარაუდოდ ოჯახი ცხოვრობდა.

არქეოლოგთა განცხადებით, ოთახი ასე კარგად ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის გამო შემოინახა. ცნობილია, რომ ამ ამოფრქვევამ სრულად გაანადგურა რომაული ქალაქი პომპეი.

პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორი, გაბრიელ ზუჩტრიგელი ამბობს, რომ ეს აღმოჩენა იმ ხალხის რეალობას გვიშლის თვალწინ, რომელიც იშვიათად ჩანს ისტორიულ წყაროებში.

მისივე განცხადებით, აღმოჩენა განსაკუთრებულია და ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მისი, როგორც არქეოლოგის კარიერაში.

საცხოვრებელი ვილა, რომელსაც ჩივიტა ჯულიანას უწოდებენ, პომპეის კედლებს გარეთ არის და პირველად 2017 წელს გათხარეს. მას შემდეგ იქ რამდენიმე საოცარი რამ აღმოაჩინეს, მათ შორის საცერემონიო ეტლი და საჯინიბო.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.