უძველეს რომაულ სასაფლაოზე 17 თავმოკვეთილი ჩონჩხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
უძველეს რომაულ სასაფლაოზე 17 თავმოკვეთილი ჩონჩხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ბრიტანეთში, კემბრიჯშირის სამ რომაულ სასაფლაოზე 17 თავმოკვეთილი ჩონჩხი აღმოაჩინეს; ისინი 1700 წლის წინანდელია.

არქეოლოგთა აზრით, ეს ადამიანები რომაული კანონების დარღვევის გამო უნდა დაესაჯათ სიკვდილით. თუმცა, მეცნიერები, რომლებიც ამ კვლევაში ჩართული არ არიან, განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ.

სასაფლაოზე 52 სამარხია. მათ შორის არის დამარხული 17 თავმოკვეთილი გვამიც; მათგან ცხრა კაცია, რვა კი ქალი. ყველა მათგანი სიკვდილისას 25 წელს გადაცილებული ყოფილა.

ბევრ შემთხვევაში, თავმოკვეთილ ადამიანთა თავებს მათივე ფეხებთან მარხავდნენ, თავის ადგილას კი კერამიკის ნაკეთობებს ათავსებდნენ. ზოგიერთი სხეული ამოტრიალებული, მიწისკენ მუცლით არის დამარხული.

მკვლევრები დარწმუნებული არიან, რომ თავმოკვეთილი ადამიანები სიკვდილით დასაჯეს. მათი განცხადებით, III-IV საუკუნეებში, რომაულ კანონმდებლობაში სიკვდილით დასჯის მუხლები განსაკუთრებით იყო გაზრდილი; ეს ჩონჩხებიც დაახლოებით იმ პერიოდისაა.

შემორჩენილი არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ რომაული ჯარი ამ ტერიტორიას მომარაგების ცენტრად იყენებდა და ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უმკაცრესი იყო.

„III-IV საუკუნეებში რომაული კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ახ. წ. 337 წელს კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ, 14-დან 60-მდე გაიზარდა მუხლები, რომლებიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა“, — წერენ მკვლევრები და განმარტავენ, რომ ამის მიზეზი უსაფრთხოების ნორმები უნდა ყოფილიყო.

III-IV საუკუნეებში რომის იმპერიაში მრავალი სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ბევრი ადამიანი იბრძოდა იმპერატორობისთვის. გარდა ამისა, მთავარ საფრთხეს ასევე წარმოადგენდა თავდასხმები ე. წ. ბარბაროსთა მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილით სჯიდნენ, გვამებს მაინც კერამიკის ჭურჭელთან ერთად მარხავდნენ, ზოგიერთ შემთხვევაში კი კუბოებშიც.

„ყველაზე ბევრი სამარხი განძი ჩაყოლებული აქვს ერთ-ერთ თავმოკვეთილ ქალს; ის ორ ჭურჭელთან და კენელის ნახშირის მძივებიან ყელსაბამთან ერთად არის დაკრძალული“, — ამბობს გათხრების ხელმძღვანელი, არქეოლოგი ისაბელ ლისბოა.

მკვლევართა განცხადებით, რომაული კანონმდებლობით, სიკვდილით დასჯილი დამნაშავის ცხედარს ოჯახი ან მეგობრები ითხოვდნენ დასამარხად.

შესაძლოა, ასე იყო ამ ადამიანთა შემთხვევაშიც და სწორედ ამიტომ არიან ისინი დაკრძალული საკუთარ სამარხებში.

სიკვდილით დასჯილი ადამიანები სავარაუდოდ არც მონები უნდა ყოფილიყვნენ, რადგან მონებს სტატუსი არ ჰქონდათ და არც სამარხებში მარხავდნენ.

კვლევა ჟურნალ Britannia-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.