მე-17 საუკუნის ეპისკოპოსი ემბრიონთან ერთად იყო დაკრძალული — არქეოლოგებმა მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება
მე-17 საუკუნის ეპისკოპოსი ემბრიონთან ერთად იყო დაკრძალული — არქეოლოგებმა მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება

შვედეთისა და დანიის ეკლესიები წარმომადგენელი, ქალაქ ლუნდის ეპისკოპოსი პედერ პედერსენ ვინსტრუპი 1679 წელს გარდაიცვალა. რადგან სიცოცხლეში მნიშვნელოვანი და დაფასებული კაცი იყო, მის ცხედარს მუმიფიცირება ჩაუტარეს და ლუნდის კათედრალის საცავში დაასვენეს. თუ არ ჩავთვლით, რომ ნეშტი განსაკუთრებით კარგად არის შემონახული, მისი სიკვდილისა და სამარხის ირგვლივ უჩვეულოდ თითქოს არაფერი გამოიყურებოდა.

2012 წელს, როდესაც ვინსტრუპის კუბოს სხვაგან გადატანა გადაწყვიტეს, მეცნიერებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და მისი ცხედრის შესწავლა დაიწყეს. სწორედ მაშინ მიაგნეს მათ ემბრიონის ციცქნა სხეულს, ჯერ არდაბადებული ბავშვისა, რომელიც მუცლადყოფნის მე-5 – მე-6 თვეში უნდა ყოფილიყო. ემბრიონი ფრთხილად იყო მოთავსებული ეპისკოპოსის ფეხებს შორის.

ქალის ნეშტთან ემბრიონის ან ჩვილის ცხედრის აღმოჩენა არქეოლოგიაში უჩვეულო არ არის, რადგან ასეთი ფაქტი დედა-შვილობაზე მიანიშნებს. ჩანაწერების მიხედვით, ბავშვების ცხედრები ლუნდის კათედრალშიც არის დამარხული, ზოგჯერ ისეც, რომ სულ არ იყვნენ კავშირში იმ ადამიანებთან, რომლებთან ერთადაც არიან დამარხული, რადგან აკლდამებს ზოგჯერ ცხედრების შუალედურ შესანახ ადგილად იყენებდნენ.

თუმცა, ეპისკოპოსის კუბოში მოთავსება? თანაც გავლენიანი ეპისკოპოსის, რომელიც 74 წლის ასაკში გარდაიცვალა? და არა უბრალოდ მოთავსება, არამედ კუბოს სარჩულში თითქოს ნაჩქარევად და ფარულად ჩამალვა? სწორედ ეს გამოცანა უნდა ამოეხსნათ არქეოლოგებს.

„პატარა ბავშვებს ზრდასრულ ადამიანთა კუბოებში ხშირად ათავსებდნენ. ემბრიონი კუბოში შეიძლება დაკრძალვის შემდეგ მოათავსეს, როდესაც ის უკვე ლუნდის კათედრალის აკლდამაში იყო დასვენებული“, — ამბობს ლუნდის უნივერსიტეტის არქეოლოგი ტურბიონ ოლსტრიომი.

მისივე განცხადებით, ერთია კუბოს აკლდამაში მოთავსება, მაგრამ სულ სხვა საკითხია ეპისკოპოსის კუბოში ემბრიონის ჩასვენება. ამიტომაც, არქეოლოგებს აინტერესებდათ, არსებობდა თუ არა რაიმე კავშირი ეპისკოპოსსა და მასთან ჩასვენებულ ბავშვს შორის.

მკვლევართა ჯგუფმა ნიმუშები ორივე ნეშტიდან აიღო და მათი დნმ-ის სრული გენეტიკური სეკვენირება ჩაატარა.

ყველაფერს პასუხი გაეცა. მათი გენების დაახლოებით 25 პროცენტი დაემთხვა. ეს კი მათ შორის არსებულ მეორეულ კავშირზე მიუთითებს, მაგალითად, ბიძა-ძმისშვილობაზე, ნახევრად დედმამიშვილობაზე, ორმაგ ბიძაშვილობაზე ანდაც, როგორც ეს ნეშტების შედარებითი ასაკიდან არის ყველაზე მეტად სავარაუდო — პაპასა და შვილიშვილზე.

ამას მხარს უჭერს ქრომოსომული მტკიცებულებაც. ვინსტრუპსა და ემბრიონს საერთო არ აქვთ მიტოქონდრიულ დნმ, რომელიც ადამიანს მემკვიდრეობით დედისგან გადაეცემა; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბავშვის დედა ვინსტრუპის ქალიშვილი არ იყო. გარდა ამისა, ორ ნეშტს საერთო ჰქონდა Y ქრომოსომა, რომელიც მხოლოდ მამის ხაზით გადაიცემა.

ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ ბავშვის მამა ვინსტრუპის ვაჟი იყო. პირველი ქორწინებიდან ეპისკოპოსს ერთი ვაჟი ჰყავდა, სახელად ასევე პედერ პედერსენ ვინსტრუპი.

ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ვინსტრუპი უმცროსი ნიდერლანდებში, ლაიდენის უნივერსიტეტში საფორტიფიკაციო მოწყობილობებს სწავლობდა და არა თეოლოგიას. ის არაუგვიანეს 1679 წელს დაქორწინდა ახალგაზრდა დიდგვაროვან ქალზე, სახელად დოროთეა სპარზე და მის მამულში გადასახლდა.

1680 წელს, დიდი შემცირების დროს, შვედეთის მეფემ უკან გამოითხოვა არისტოკრატებისთვის ნაჩუქარი მიწები, რა დროსაც ვინსტრუპ უმცროსმა საკუთარი მამულები დაკარგა, მათ შორის მამამისის მამულიც ქალაქ ლუნდაგორდში. დარჩენილი ცხოვრება მან სიღარიბეში გაატარა, არ დარჩენია მემკვიდრე ვაჟი და მამრობითი ხაზი მასთან ერთად მოკვდა სადღაც მე-18 საუკუნის დასაწყისში.

მკვლევართა განცხადებით, როგორც ჩანს, ემბრიონი მისი სევდიანი ისტორიის სიმბოლო იყო, რომელიც პაპის კუბოში სიმბოლურად მოათავსეს — ვინსტრუპების უკანასკნელი კაცი მემკვიდრე პაპასთან ერთად დაკრძალეს.

„დნმ-ის ანალიზისა და გენეაოლგიური კვლევის შედეგების მიხედვით, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც პედერ ვინსტრუპთან მამის ხაზით მეორე ხარისხის ნათესაობა შეიძლება ჰქონოდა, იყო მისი ვაჟი, პედერი. შესაბამისად, მის კუბოში მოთავსებული ბიჭის ემბრიონი ეპისკოპოსის შვილიშვილი უნდა ყოფილიყო“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, სავარაუდოა, რომ ნათესავებს უნდა სცოდნოდათ, სად იყო დასვენებული ვინსტრუპის კუბო და შესაბამისად, მასში ემბრიონის ჩასვენებაც შეძლეს.

როგორც ჩანს, ოჯახს ძალიან სურდა, რომ ბავშვი, რომელიც დაბადებამდე დაიღუპა და სიცოცხლე ვერ ნახა, სიკვდილის შემდეგ მაინც ყოფილიყო ოჯახთან.

კვლევა Journal of Archaeological Science: Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია lunduniversity.lu.se-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.