ბრინჯაოს ხანის სამარხში აღმოჩენილი ძვირფასეულობა სავარაუდოდ დედოფალს ეკუთვნოდა — #1tvმეცნიერება
ბრინჯაოს ხანის სამარხში აღმოჩენილი ძვირფასეულობა სავარაუდოდ დედოფალს ეკუთვნოდა — #1tvმეცნიერება

ათასობით წლის წინანდელი ერთი ქალის სამარხმა შეიძლება სრულიად შეცვალოს ჩვენი წარმოდგენა ბრინჯაოს ხანის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ცივილიზაციის, ელ-არგარის შესახებ.

ეს სამარხი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია ევროპაში აღმოჩენილ ბრინაჯოს ხანის სამარხებს შორის; მიუხედავად იმისა, რომ ქალი კაცთან ერთად არის დაკრძალული, თან ჩაყოლებულ ძვირფას ნივთთა უმეტესობა სწორედ მას ეკუთვნის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის გაცილებით მაღალი სოციუალური სტატუსის წარმომადგენელი ყოფილა.

ელ-არგარის სხვა სამარხებთან შედარების შემდეგ, ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ამ კუკლტურაში ქალი შეიძლება იმაზე გაცილებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლს თამაშობდა, ვიდრე აქამდე ვიცოდით.

თავად სამარხი, კერამიკის დიდი ჭურჭელი, რომელსაც სამარხი 38 უწოდეს, 2014 წელს აღმოაჩინეს ესპანეთში, ლა-ალმოლოიის არქეოლოგიურ ძეგლზე. ის სავარაუდო მმართველის დარბაზის იატაკის ქვეშ იპოვეს; დარბაზი სავსე ყოფილა სასახლის სკამებით.

„დარბაზის იატაკზე არტეფაქტების ნაკლებობა და სკამების სიჭარბე მიუთითებს, რომ ის თავყრილობის ოთახი უნდა ყოფილიყო, სადაც 50-მდე ადამიანი ეტეოდა“, — წერენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია იმის შესახებ, ასეთი თავყრილობები განხილვებისა და საერთო გადაწყვეტილებების მისაღებად იმართებოდა თუ იერარქიულ ჯაჭვში ბრძანებათა გადასაცემად. სამარხ 38-ში გაცილებით მეტი ნივთია ჩატანებული, ვიდრე ლა-ალმოლოიის და სხვა იმდროინდელ სამარხებში, რაც უფრო მეორე სცენარზე მიუთითებს.

კერამიკის ჭურჭელში ორი ინდივიდის ძვლებია — კაცის, რომელიც 35-40 წლამდე ასაკშია გარდაცვლილი და ქალის, რომელიც 25-30 წლის ასაკში დაღუპულა. გენეტიკური ანალიზების მიხედვით, ისინი ერთმანეთის ნათესავები არ არიან, მაგრამ რადიონახშირბადული დათარიღება მიუთითებს, რომ ისინი ერთდროულად ან ძალიან ახლო პერიოდში არიან გარდაცვლილი, დაახლოებით ძვ. წ. 1730 წელს. სამარხის სიახლოვეს აღმოჩენილი კიდევ ერთი ნეშტი ორივეს ენათესავება — ეკუთვნის მათ ქალიშვილს.

კაცის ძვლებზე არსებული ცვეთის ნიშნები ხანგრძლივ ფიზიკურ აქტივობაზე მიუთითებს, სავარაუდოდ ცხენოსნობაზე; თავის წინა ნაწილში აღენიშნება ტრავმული ჭრილობა, რომელიც შემდეგ მორჩენილია.

ქალის ძვლებს აღენიშნება თანდაყოლილი პათოლოგიები, მათ შორის, ნაკლული მალა — მხოლოდ ექვსი კისრის მალა და შერწყმული გავის მალები. ნეკნებზე არსებული ნიშნები შეიძლება ფილტვის ინფექციის დატოვებულია, რომელსაც ის ემსხვერპლა კიდეც.

ამას გარდა, ქალი აშკარად მდიდარიც უნდა ყოფილიყო. წყვილი 29 ნივთთან ერთად არის დაკრძალული, რომელთა უმეტესობაც ვერცხლისაა და ქალს ეკუთვნის — ყელსაბამები, სამაჯურები მკლავებზე, სადგისი ვერცხლის ტარით, მოვერცხლილი კერამიკული დოქები, რომელთა შევერცხლაც ალბათ ძალიან დიდ ნიჭს მოითხოვდა.

მოკაზმულობის გარეშე არც კაცია: მკლავზე სპილენძის სამაჯური უკეთია, ატარებს შვიდი მოზრდილი, ფერადი მძივისგან დამზადებულ ყელსაბამს; მის გვერდით დევს ვერცხლით შეჭედილი ხანჯალი. სავარაუდოდ მისი უნდა ყოფილიყო ოქროს ორი საყურეც.

თუმცა, მკვლევართა ნამდვილი აღფრთოვანება გამოიწვია ნივთმა, რომელიც ქალს თავზე ეკეთა — ვერცხლის დიადემა ოქროს დისკოთი, რომელიც შუბლის მხარეს არის ჩამოწეული, ცხვირისკენ. ძალიან ჰგავს ოთხ სხვა დიადემას, რომლებიც მე-19 საუკუნეში მდიდარი ქალების სამარხებში იპოვეს.

„საოცარია ამ დიადემების სპეციფიკურობა. ისინი ამ ქალებისთვის დამზადებული სიმბოლური ობიექტებია, რომლებიც მათთვის დომინანტი მმართველი კლასის სიმბოლო იყო“, — ამბობს ბარსელონის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის არქეოლოგი კრისტინა რიუეტე-ჰერადა.

მისივე განცხადებით, თითოეული ნაწილი უნიკალურია და ჰგავს სხვა რეგიონებში აღმოჩენილ ამავე პერიოდის, ძვ. წ. მე-17 საუკუნის მმართველი კლასის სამარხებში ნაპოვნ ნივთებს.

სამარხში ჩატანებული ნივთებიდან ვერცხლის საერთო მასა 230 გრამია, რაც იმ დროისათვის უდიდესი სიმდიდრე უნდა ყოფილიყო; იმავე პერიოდის ბაბილონში მუშები გასამრჯელოდ დღეში დაახლოებით 0,23 – 0,26 გრამ ვერცხლს იღებდნენ. ამ ორი ადამიანის სამარხში აღმოჩენილი ვერცხლი ბაბილონელი მუშის 938 დღის ნამუშევარს უდრის.

წინა ანალიზების მიხედვით, ასეთ მდიდრულ სამარხებში დაკრძალული ქალები ან მმართველები იყვნენ, ან მმართველთა ცოლები. გადაჭრით ამის თქმა ძნელია, მაგრამ მკვლევართა ჯგუფის აზრით, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ქალი მმართველი უნდა ყოფილიყო.

„არგარის საზოგადოებაში დომინანტი კლასის ქალებს დიადემებით კრძალავდნენ, კაცებს კი მახვილით და ხმლით“, — აღნიშნავენ მკვლევრები.

მათივე განცხადებით, ამ საზოგადოების კაცებისთვის საფლავში ჩატანებული ნივთები უფრო ცოტა და დაბალი ხარისხის იყო. მახვილი ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილებების ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტს განასახიერებს და შესაბამისად, ელ-არგარის კაცები შეიძლება აღმასრულებელ როლს ასრულებდნენ, იდეოლოგიური და მმართველი ლეგიტიმაცია კი ალბათ ქალების ხელში უნდა ყოფილიყო.

ქალებს ისტორიის მანძილზე ხშირად ეპყრათ პოლიტიკური ძალაუფლება და ამ აღმოჩენაში დიდად გასაკვირი ალბათ არც არაფერია.

კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uab.cat-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.