პერუში 9000 წლის წინანდელი მონადირე ქალის სამარხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
პერუში 9000 წლის წინანდელი მონადირე ქალის სამარხი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ანდების მთების ველურ ბუნებაში უჩუმრად მოხეტიალე უძველესი მონადირე-შემგროვებლები ვიკუნიების ჯოგზე ნადირობდნენ. მონადირეები ცხოველებს ქვისგან დამზადებულ იარაღებს ესროდნენ და ხშირად წარმატებასაც აღწევდნენ.

ვიკუნიები, ალპაკების უძველესი წინაპრები მათ ფეხქვეშ ეცემოდნენ და ნიჭიერი მონადირეები, როგორც კაცები, ისე ქალები, ნანადირევს შეექცეოდნენ.

ეს გარკვეულწილად ჰიპოთეტური სცენარი საკმაოდ ეწინააღმდეგება ამ მონადირე-შემგროვებელთა შესახებ ცნობილ ისტორიას, რომლის მიხედვითაც, კაცები ნადირობდნენ, ქალები კი ბალახებსა და სხვა მცენარეებს აგროვებდნენ.

თუმცა, როგორც ახლახან აღმოჩენილი 9000 წლის წინანდელი მონადირე ქალის სამარხი და სხვა მონადირეთა სამარხები მიუთითებს, უძველესი ამერიკის ადრეული მონადირე-შემგროვებელი ქალები ზუსტად ისევე ნადირობდნენ, როგორც კაცები.

„ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ ამ საზოგადოებაში გენდერული როლების შესახებ ამჟამად გაბატონებული აზრი არც ისე მართებულია, როგორც გვგონია“, — ამბობს კვლევის ავტორი, კალიფორნიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ასისტენტ-პროფესორი რენდი ჰაასი.

2013 წელს ჰაასი ანდების მთებში სხვადასხვა გათხრებში მონაწილეობდა, როდესაც სამხრეთ პერუში ერთ-ერთმა ადგილობრივმა აცნობა, რომ ისინი ხშირად ნახულობდნენ ახლომახლოს მიმოფანტუნტულ ასობით უძველეს ქვის იარაღს.

ხუთი წლის შემდეგ, როდესაც დაფინანსება გამოიყო, ადგილობრივებთან თანამშრომლობით ჰაასის ჯგუფმა გათხრები დაიწყო ძეგლზე, რომელსაც შემდეგ ვილამაია-პატშა უწოდეს.

2018 წელს, მკვლევრებმა ამ ძეგლზე ადამიანთა ექვსი სამარხი აღმოაჩინეს. მათგან ორ სამარხში სანადირო იარაღებიც იყო, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ერთმა სამარხმა მიიპყრო.

მეექვსე სამარხში, რომელიც 9000 წლის წინანდელია, აღმოაჩინეს საკმაოდ ბევრი არტეფაქტი, მათ შორის სანადირო ხელსაწყოების მთელი კომპლექტი, რომელშიც შუბის წვერებიც შედიოდა.

კბილების ანალიზით დადგინდა, რომ სამარხი ეკუთვნოდა 17-19 წლის ასაკში გარდაცვლილ მონადირე-შემგროვებელს.

როგორც ჰაასი აღნიშნავს, გათხრები გრძელდებოდა და ნათელი ხდებოდა, რომ მათ წინაშე დიდებული მონადირის ჩონჩხი იყო, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი პერსონა უნდა ყოფილიყო საკუთარ საზოგადოებაში.

კვლევის თანაავტორი, არიზონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორი ჯეიმს უოტსონი პირველი იყო, ვინც ივარაუდა, რომ ეს ჩონჩხი კაცს არ ეკუთვნოდა. მონადირე-შემგროვებლის ძვლების გულმოდგინედ შემოწმების შემდეგ, უოტსონმა ივარაუდა, რომ ჩონჩხი ქალს ეკუთვნოდა, რადგან ამ რეგიონში აღმოჩენილ სხვა ძვლებთან შედარებით პატარები იყო.

ცილების დეტალურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ახალგაზრდა მონადირე-შემგროვებლის კბილები მართლაც ქალს ეკუთვნოდა.

ამის შემდეგ, ჰაასს და მის ჯგუფს დააინტერესა, ეს მხოლოდ გამონაკლისი ქალი მონადირე იყო თუ ეს პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული ამერიკის უძველეს საზოგადოებებში.

ამის გასარკვევად, მათ ძიება დაიწყეს ლიტერატურაში, რომელიც გვიანდელი პლეისტოცენისა (დასრულდა დაახლოებით 11 700 წლის წინ) და ადრეული ჰოლოცენის (დაიწყო დაახლოებით 12 000 – 11 500 წლის წინ) ხანის სამარხების აღმოჩენას იუწყებოდა.

შედეგად, ამერიკის კონტინენტის მასშტაბით, ჯგუფმა გამოავლინა 429 ჩონჩხი 107 უძველესი სამარხი ძეგლიდან; მათ შორის 27 ინდივიდი — 11 ქალი (ახლად აღმოჩენილი ქალის ჩონჩხის ჩათვლით) და 15 კაცი დამარხული იყო დიდ ცხოველებზე სანადირო იარაღებით.

დამატებითი სტატისტიკური ანალიზები მიუთითებს, რომ ამ პოპულაციებში მონადირეთა 30-50 პროცენტი ქალი უნდა ყოფილიყო.

ნევადის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ასოცირებული პროფესორის, მარინ პილუს განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, მონადირე-შემგროვებელი საზოგადოების ქალები ნადირობაში მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც რეგულარულად მონაწილეობდნენ თუ არა, მაგრამ აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ასეთი აღმოჩენა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას გაკეთდეს.

„ამ კვლევამ ადამიანები უნდა დაარწმუნოს, რომ დიდ ცხოველებზე ნადირობაში ქალებიც მონაწილეობდნენ“, — ამბობს ბინგჰემპტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ასოცირებული პროფესორი კატლინ სტერლინგი.

მისივე თქმით, ნადირობაში გამოყენებული მეთოდები და იმ დროის სოციალური ჯგუფების ზომა ნიშნავს იმას, რომ ცხოველების კლდეებიდან მინდვრებში გადადევნის ან ხაფანგში მომწყვდევისათვის საჭირო უნდა ყოფილიყვნენ მოზრდილი ბავშვებიც. სტერლინგის აზრით, როდესაც საქმე ნადირობას ეხებოდა, ამ საზოგადოებებში ასაკი სავარაუდოდ უფრო მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, ვიდრე გენდერი.

კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.