მეცნიერებმა საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვიკინგი მეომარი ქალი ნამდვილად არსებობდა
მეცნიერებმა საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვიკინგი მეომარი ქალი ნამდვილად არსებობდა

რამდენიმეწლიანი დავისა და დებატების შემდეგ, შვედი მკვლევრები კიდევ უფრო დარწმუნებული არიან, რომ ქალი ვიკინგი მეომრები ერთ დროს მართლაც არსებობდნენ.

2017 წელს გაკეთებული სადავო აღმოჩენას მეცნიერებმა ხელახალი ანალიზები ჩაუტარეს და დაასკვნეს, რომ ვიკინგ მეომართა მე-10 საუკუნის სამარხში აღმოჩენილი ე. წ. ბირკას ჩონჩხი, სინამდვილეში მართლაც ბიოლოგიურად მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ეკუთვნის. ბირკა მნიშვნლოვანი სავაჭრო ქალაქი იყო ვიკინგების ხანაში, თანამედროვე შვედეთის ტერიტორიაზე.

„ამ პერსონის ჩონჩხი ატარებს ორ X ქრომოსომას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ეს ფაქტი ბოლო კვლევამდე უცნობი იყო. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ის ქალს ეკუთვნის“, — წერენ ავტორები კვლევაში.

ეჭვი, რომ ნაშთები მამაკაცს ეკუთვნის, თავიდანვე არსებობდა. სამარხი პირველად 1878 წელს აღმოაჩინეს. გაჩნდა მოსაზრება, რომ ნაშთები მაღალი სტატუსის მეომარს ეკუთვნოდა, რომელიც დიდი ალბათობით, კაცი უნდა ყოფილიყო.

ინდივიდი დამარხული იყო უმაღლესი ხარისხის საბრძოლო იარაღებთან ერთად. იქვე ახლოს, იარაღებით სავსე სხვა საფლავებიც იყო. მთლიანობაში კი ძეგლი მდებარეობს ციხესიმაგრის კარიბჭის გარეთ. გარემო აშკარად მამაკაცური იყო.

თანამედროვე გენდერულმა სტერეოტიპებმა შეიძლება, არქეოლოგიაშიც გადაინაცვლოს და სწორი დასკვნების გამოტანა გააჭიანუროს. წარსულში ისეც ხდებოდა, რომ არქეოლოგები ადამიანთა ძვლების ნაშთების ანალიზსაც კი არ ატარებდნენ — სქესის შესახებ დასკვნებს მხოლოდ საფლავის კონტენტიდან გამომდინარე აკეთებდნენ.

სწორედ ასე მოხდა თავდაპირველად ბირკას ჩონჩხის შემთხვევაშიც.

ავტორთა განმარტებით, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ როცა სამარხი აღმოაჩინეს, მამრობითი ბიოლოგიური სქესი დაუკავშირეს არა მხოლოდ კაცის გენდერულ იდენტობას, არამედ მამაკაცის საბრძოლო აბჯარსაც.

2017 წელს, ძვლების უძველესი დნმ-ის ანალიზებმა გამოავლინა, რომ ჩონჩხი ნამდვილად ქალის იყო და ვიკინგი მეომარი ქალები არა მხოლოდ მითოლოგიაში, არამედ სინამდვილეშიც არსებობდნენ.

თუმცა, მკვლევრებს სურდა ბოლომდე დარწმუნებულიყვნენ. ეჭვი ეპარებოდათ იმაშიც, ანალიზები მარტო დამარხულ ინდივიდს ჩაუტარდა თუ არა.

„ეჭვი გვეპარებოდა არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ინდივიდში, არამედ საერთოდ ქალი მეომრების არსებობაში. თუმცა საბოლოოდ, ანალიზებმა ეს დაადასტურა“, — წერენ მკვლევრები.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრებს ამჟამად ხელთ აქვთ ქალი ვიკინგი მეომრის მხოლოდ ერთი ნიმუში, აღნიშნავენ, რომ ნამდვილად საოცარი იქნება, თუ ბირკას ინდივიდი ვიკინგთა სამყაროში მარტო იყო.

მათი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულ პერიოდში ქალები კაცების კვალდაკვალ იბრძოდნენ და ზოგიერთ შემთხვევაში, მეთაურის პოზიციამდეც კი წინაურდებოდნენ.

მაგალითად, ბირკას ჩონჩხი დამარხული იყო მაღალი ხარისხის ტანსაცმლითა და იარაღებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას მაღალი პოზიცია და დიდი ძალაუფლება უნდა ჰქონოდა.

კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია cambridge.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.