ვიკინგები ზღვაში ნავიგაციისთვის უცნაურ „მზის კრისტალებს“ იყენებდნენ - ახალი კვლევა
ვიკინგები ზღვაში ნავიგაციისთვის უცნაურ „მზის კრისტალებს“ იყენებდნენ - ახალი კვლევა

ბევრად ადრე, სანამ Google Maps-ი და GPS-ი გამოჩნდებოდა, უფრო ადრე, ვიდრე ჩინეთიდან ევროპაში მაგნიტურ კომპასებს შეიტანდნენ, ვიკინგი მეზღვაურები დაუბრკოლებლად კვეთდნენ ატლანტის ოკეანის ჩრდილეთ ნაწილს.

ათასი წლის წინ, ვიკინგი მეზღვაურები კარაპით (გრძელი ნავი) ნორვეგიიდან გრენლანდიაში ჩასვლას სამ კვირას ანდომებდნენ. ნავიგაციისთვის ისინი მზის კომპასის ჩრდილს იყენებდნენ. ეს გახლდათ მზის საათის მსგავსი რკალი ცენტრალური ამონაშვერით, რომლითაც გეოგრაფიული ჩრდილოეთის მიმართულებას ადგენდნენ.

მაგრამ ასეთი კომპასები მხოლოდ მზის შუქზე მუშაობდა და უძლური იყო ნისლიან და მოღრუბლულ დღეებში. 1967 წელს დანიელმა არქეოლოგმა თორკილდ რამსკუმ ივარაუდა, რომ ვიკინგებს სათადარიგო სანავიგაციო ხელსაწყოც ჰქონდათ.

მისი მოსაზრებით, ისინი თავისუფლად უთვალთვალებდნენ მზეს ღრუბლებს მიღმა, რისთვისაც კრისტალის ნამსხვრევებს, ე. წ. მზის ქვებს იყენებდნენ.

მზის ქვა — ცოტა არ იყოს, უცნაურად და მისტიკურად ჟღერს. თუმცა, როგორც ოპტიკის ორმა მკვლევარმა, დენეს შაზმა და გაბორ ჰორვატმა გამოთვალეს, ვიკინგები შესაძლოა, სანავიგაციოდ სწორედ მზის ქვებს იყენებდნენ გრენლანდიისკენ მიმავალ შორეულ გზაზე.

მზის ქვის მოქმედების პრინციპი ეფუძნება მზის სინათლის მახასიათებელს, რომელსაც პოლარიზაციას უწოდებებ.

პოლარიზაცია მარტივად ნიშნავს, რომ სინათლეს არაშემთხვევითი ორიენტაცია აქვს. როდესაც მზის შუქი ატმოსფეროს კვეთს, წარმოქმნის პოლარიზებულ რკალებს, რომლის ცენტრშიც მზე ექცევა, უზარმაზარი თვალივით.

ზოგიერთი ცხოველი, მაგალითად, თევზები და გადამფრენი ფრინველები მზის სხივების პოლარიზაციას აფიქსირებენ და სანავიგაციოდ იყენებენ. თუმცა, ადამიანის თვალს ამ საქმეში დახმარება ესაჭიროება.

ზოგიერთ კრისტალს, მაგალითად, კალციტს, რომელსაც ისლანდიის კრისტალსაც უწოდებენ, შეუძლია დააფიქსიროს პოლარიზაციის მიმართულება, დაახლოებით ისე, როგორც პრიზმა შლის თეთრ შუქს ცისარტყელას ფერებში.

„თვალთან ასეთი კრისტალის დატრიალებისას, მასში გამავალი ცის შუქის ინტენსივობა პერიოდულად იცვლება“, — ამბობს ჰორვატი.

გარდა ამისა, მზის ქვა ცის შუქის პოლარიზებას ღურბლიან დღეებშიც ახდენდა. როცა მზის ქვა ყველაზე მეტად კაშკაშებს, ესე იგი, კრისტალი ამ დროს მზისკენაა მიმართული, რასაც ვიკინგების გემისთვის ნავიგაცია უნდა გაეადვილებინა.

არქეოლოგიური მტკიცებულებები, რომ ვიკინგები მართლაც იყენებდნენ მზის ქვებს, მწირია. 2013 წელს ისლანდიური ქვის კრისტალი იპოვეს 1592 წელს ჩაძირულ ბრიტანულ გემზე.

„ამ აღმოჩენის შედეგად წარმოიშვა მოსაზრება, რომ ცის პოლარიმეტრიული ნავიგაციის მეთოდს ამ დროისათვის ჯერ კიდევ იყენებდნენ, მე-16 საუკუნეშიც კი“, — ამბობს ჰორვატი.
გაცილებით ადრინდელი ვიკინგური ლეგენდები, მაგალითად, „მეფე ოლაფის საგა“, იხსენიებს ნავიგაციას მზის ქვის გამოყენებით.

ჰორვატისა და შაზის ბოლო კვლევამ განსაზღვრა, რამდენად წარმატებული შეიძლებოდა ყოფილიყო ვიკინგების ნორვეგიიდან გრენლანდიამდე ვიკინგების მოგზაურობა მზის ქვის ნავიგაციის მეთოდის გამოყენებით. მათ მოახდინეს ვიკინგების გემის სიმულირება, რომელიც შემთხვევით ცვალებად მეტეოროლოგიურ პირობებში მოგზაურობდა.

ლაბორატორიულ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, შექმნეს მზის ქვის კრისტალების მოდელი.

სიმულაციის 36 000-ჯერ ჩატარების შემდეგ, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ მზის ქვა ვიკინგებს უნდა გაძღოლოდა ნისლშიც და ღრუბლებშიც, თუკი მეზღვაური მზის მდებარეობას ყოველ 3 საათში ერთხელ დაადგენდა.

მკვლევართა თქმით, ნავიგაციის წარმატება ძალიან მაღალი უნდა ყოფილიყო, 80-100 პროცენტი.

სიმულაციამ აჩვენა ისიც, რომ თუკი ვიკინგი მეზღვაურები კალციტის მზის ქვას ოთხ საათში ან მეტში ერთხელ გამოიყენებდნენ, ისინი გრენლანდიას გასცდებოდნენ და კანადას მიადგებოდნენ.

თუმცა, ამ მოდელის ირგვლივ თავს იყრის მრავალი გაურკვევლობა.

„არავინ იცის დაზუსტებით, როგორი იყო ვიკინგების ნავიგაციის მეთოდი“, — ამბობს ჰორვატი და ეჭვობს, რომ მათი წარმატების დონე შესაძლოა, გადაჭარბებით იყოს შეფასებული.

მკვლევრებს მხედველობაში არ მიუღიათ ძლიერი ქარები და შტორმები, რომლებსაც გემის კურსიდან გადაყვანა შეეძლო. არც ის, რომ ვიკინგების გემები ღამითაც მიდიოდნენ. ჰორვატის თქმით, შესაძლოა, ამისათვის ვიკინგები სხვა მეთოდსაც იყენებდნენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ადრეული მეზღვაურები ამავე დროს დიდი დამკვირვებლებიც იყვნენ. აკვირდებოდნენ ტალღებს, კუნძულებს და ვეშაპების გადაადგილების მარშრუტებსაც კი.

კვლევა ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით