დავით მათიკაშვილი - სიტყვის თავისუფლება თუ საფრთხის ქვეშ დადგება, რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაცია არ შეიქმნება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგება, რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაცია არ შეიქმნება.
როგორც ჟურნალისტებს მათიკაშვილმა განუცხადა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების თაობაზე ემზარ კვიციანის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
„სხვა უფლებებთან ერთად ადამიანის უფლებაა, კონკრეტული რელიგიის აღმსარებელი იყოს და სხვისგან ამ რელიგიის პატივისცემა მოითხოვოს. სახელმწიფოს მხრიდან ეს ისეთივე მხარდასაჭერია, როგორც დანარჩენი უფლებები, მაგრამ სახელმწიფომ იმ ძალიან ვიწრო ხაზზე უნდა გაიაროს, რასაც სიტყვის თავისუფლების არდარღვევა ჰქვია. იმის გამო, რომ დეფინიციის ზუსტი განსაზღვრება ამ ეტაპზე რთულია, შევეცდებით, ისეთი რეგულაცია შევქმნათ, რომელიც არც ერთ ღირებულებას არ დააზიანებს. თუ ასეთის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ამას არ გავაკეთებთ. თუ საფრთხის ქვეშ სიტყვის თავისუფლება დადგება, ასეთი რეგულაცია არ შეიქმნება. შევეცდებით, ისეთი კანონმდებლობა შეიქმნას, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს და სხვა უფლება არ დაირღვევა. საუბარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არ არის, შესაძლებელია, ადმინისტრაციული წესით განსაზღვრული წესრიგი იყოს”, – დასძინა მათიკაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, სადაც მსჯელობა რელიგიურ გრძნობებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებზე გაიმართება.