დავით მათიკაშვილი - დეპუტატის ინდივიდუალური გადაწყვეტილება გუნდის მთლიანობასა და სიმყარეს საფრთხეს ვერ შეუქმნის
დავით მათიკაშვილი - დეპუტატის ინდივიდუალური გადაწყვეტილება გუნდის მთლიანობასა და სიმყარეს საფრთხეს ვერ შეუქმნის

დეპუტატის გადაწყვეტილება მისი გადაწყვეტილებაა და გუნდის მთლიანობასა და სიმყარეს ეს საფრთხეს ვერ შეუქმნის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ეკა ბესელიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც დღეს „ქართული ოცნება“ დატოვა.

მათიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ 2020 წელს ამომრჩევლის წინაშე ერთიანი გუნდით წარდგება.

„ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის დეპუტატის, გადაწყვეტილება, არის მისი გადაწყვეტილება. ხაზს ვუსვამ, ეს გუნდის მთლიანობასა და სიმყარეს საფრთხეს ვერ შეუქმნის. „ქართული ოცნება“ 2020 წელს ერთიანი გუნდით წარდგება ამომრჩევლის წინაშე, ხოლო ინდივიდუალური გადაწყვეტილებები მათი გადაწყვეტილებებია, ვინც ამას იღებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

რაც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელსაც გუშინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, დავით მათიკაშვილის თქმით, კანონპროექტი კონსტიტუციურობის ელემენტარულ ტესტს ვერ პასუხობდა, რის გამოც ჩავარდა.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.