დავით მათიკაშვილი - გიორგი გაბუნიამ დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა
დავით მათიკაშვილი - გიორგი გაბუნიამ დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა

გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში გიორგი გაბუნიამ საკუთარი ერის, თანამოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე დანაშაულებრივი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მან განმარტა, რომ პოლიტიკოსის შეფასებაა და არა, სამართლებრივი შეფასება.

„ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, რომლის რისკის ქვეშ მთელი ქვეყანა და საზოგადოება, ქვეყნის ინტერესები დგას. შეიძლება, ასეთი განცხადების ფონზე მილიონ ნახევარი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთის ფედერაციაში  ბუნებრივ მძევლად აღმოჩენილიყო. ამ ყველაფერზე ვინმემ იფიქრა? ან ვინმეს სჯერა, რომ ეს გიორგი გაბუნიას თავში მოიხარშა? ეს არის კითხვები, რომელსაც უნდა გაეცეს სათანადო პასუხი. ამ განცხადების მერე თუკი ვინმეს განცხადება გამორჩეულად მოგეჩვენათ, მე ვწუხვარ, მაგრამ ჩემი და მთელი საზოგადოების შეფასება აბსოლუტურად ერთი და იმავეა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, არსებობს კითხვები, რომელსაც გამოძიებით უნდა გაეცეს პასუხი.

„მესმის, რომ ტელევიზია ამას გაემიჯნა, მაგრამ არსებობს კითხვები, რასაც გამოძიებით უნდა გაეცეს პასუხი. იმდენად რისკის შემცველი განცხადება იყო ჩვენი ქვეყნისთვის, აუცილებლად უნდა იყოს ეს გამოძიებული, რადგან საქართველო გუშინდელი განცხადების შემდეგ შეიძლება, სერიოზული რისკის ქვეშ  აღმოჩნდეს. სიტყვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება 3 მილიონ 700 ათასიანი ქვეყნის, საქართველოს უსაფრთხოებაზე ლაპარაკი. ამას პლიუს კიდევ მილიონ ნახევარი ქართველი, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს. ეს გააანალიზოს ყველამ, ვინც ამ განცხადებას მხოლოდ უცნაურს და უხერხულს უწოდებს და მერე გასცეს ამ ყველაფერს პასუხი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.