ჩინური თანამგზავრის მიერ გადაღებული დედამიწა და მთვარის „ბნელი მხარე“ ერთ კადრში
ჩინეთის ისტორიული მისია „ჩანე-4“ ცოტა ხნის წინ მთვარის „ბნელ მხარეს“ დაეშვა. ამჟამად ის ამ რეგიონს უპრეცედენტო დეტალებში იკვლევს. მისიამ მთვარის ზედაპირზე გადასვა მავალი „იუტა-2“, რომელიც იქაურობის შესწავლას უკვე შეუდგა. მისიის კიდევ სხვა წევრები, მთვარის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრები დედამიწაზე აგზავნიან ამ ძნელად მისადგომი და იდუმალი რეგიონის მომაჯადოებელ ფოტოებს.
ზემოთ მოცემული ფოტო გადაიღო ციცქნა თანამგზავრმა „ლონგჯიანგ-2“-მა, რომელიც ჩინეთმა მთვარის ორბიტაზე გასული წლის მაისში გაიყვანა. „ლონგჯიანგ-2“ პატარა თანამგზავრია, იწონის სულ რაღაც 45 კილოგრამს და ზომით 50-50-40 სანტიმეტრია.
მისი კომპანიონი თანამგზავრი „ლონგჯიანგ-1“ გაშვების შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა და ამჟამად უმოქმედოა. შესაბამისად, „ლონგჯიანგ-2“ ახლა ეულად უვლის გარშემო დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს და ტესტავს სამომავლო რადიოასტრონომიულ და ინტერფომეტრულ ტექნოლოგიებს. „ლონგჯიანგ-2“ ასევე აღჭურვილია ფოტოკამერით.
მოცემული ფოტო პირველია კაცობრიობის ისტორიაში, რომელზეც ერთადაა აღბეჭდილი მთვარის „ბნელი მხარე“ და დედამიწა. გარკვეულწილად იგი წააგავს 1968 წელს, მისია „აპოლო-8“-ის ასტრონავტ უილიამ სანდერსის მიერ გადაღებულ სახელგანთქმულ ფოტოს „დედამიწის ამოსვლა“.
ამავე დროს, მთვარის ზედაპირზე სამეცნიერო საქმიანობას ეწევა მავალი „იუტა-2“. მან უკვე გაარკვია, რომ მთვარის „ბნელი მხარის“ ქანები ჩვენკენ მოქცეული ნაწილის ქანებისგან განსხვავდება. ასევე დადგინდა, რომ მთვარის ამ ნაწილზე ტემპერატურა მოსალოდნელზე დაბალია.