ბორჯომის საკრებულოში შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მივიდა
ბორჯომის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იმყოფება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სამართალდამცველები მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
„ბატონი ნიკა მელიასგან ვიცოდით, რომ მას გადაადგილება უნდოდა და ვიღაც ვიღაცები არ აძლევდნენ ამის საშუალებას, ეს არასწორი ინფორმაციაა. პირობა მივეცი მას, რომ ვისაც გადაადგილება სურს, თავისუფლად შეუძლია გადაადგილდეს და სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ყველა სახლში მივა მშვიდობით, წყნარად, ისე რომ არავის პრობლემა არ ექნება. არავინ არის ჩაკეტილი, თვითონ არ გამოდიან. მე თვითონ ველაპარაკე ნიკასაც და ზაზასაც, ფიზიკურად არ უნდათ გამოსვლა”, – განაცხადა ავთანდილ გალდავამ.
ბორჯომის საკრებულომ ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს, მეორე სხდომაზე 17 მომხრე ხმით დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ 13 და „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი დეპუტატი. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი 17-ვე დეპუტატმა დაუჭირა.
ბორჯომის საკრებულოს სხდომა დღეს ორჯერ გაიმართა. დილით ჩატარებულ სხდომაზე ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური მოჰყვა.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოს შენობაში, როგორც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს დეპუტატებს, ასევე საკრებულოს წევრებს შორის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, მერიის თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის შესასვლელი პიკეტირებული ჰქონდათ.
მერიის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.
ამასთან, ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ინციდენტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.