ბორჯომის საკრებულოში გამართული სხდომის დროს მომხდარ ინციდენტებზე პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გამოძიება ორ ფაქტზე დაიწყო, – ამის შესახებ შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ავთანდილ გალდავამ განაცხადა.
მისი თქმით, თელი დღის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოს შენობას და მასში შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იცავდნენ.
„სამართალდამცველებმა დროულად შეძლეს დაპირისპირებული მხარეების იზოლირება, რის შედეგადაც ინციდენტი მასობრივ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის,,ბ“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. საკრებულოს შენობაში, ასევე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაპირისპირებული მხარეების უსაფრთხოებისა და ინციდენტის გამეორების პრევენციის მიზნით, პოლიცია მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში აგრძელებს”“,- აღნიშნულია ავთანდილ გალდავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე სხდომა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების სამთვიანი ბოიკოტის და რამდენიმე ჩაშლილი სხდომის შემდეგ, საკრებულო ბორჯომის მერიის თანამშრომლების ხელფასის ზრდის საკითხს დღეს კიდევ ერთხელ იხილავდა, თუმცა, უმრავლესობაში მყოფი ოპოზიციის პროტესტის გამო, ხელახალი სხდომის დანიშვნა გახდა საჭირო.
ბორჯომის საკრებულო ერთადერთი თვითმმართველი ორგანოა, სადაც მმართველი პარტია უმცირესობაშია.