ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება გრძელდება - შენობაში სერგო რატიანი არ შეუშვეს
ბორჯომის საკრებულოში სერგო რატიანის გამოჩენას ხმაური მოყვა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატები, „ევროპული საქართველოს“ წევრს წასვლისკენ მოუწოდებენ და შენობაში არ უშვებენ.
ხმაურია საკრებულოს სხდომათა დარბაზშიც, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმყოფებიან.
ნიკა მელიას თქმით, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეს, რომლის გადადგომასაც მერიის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ დეპუტატები ითხოვენ.
ბორჯომის საკრებულომ ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს, მეორე სხდომაზე 17 მომხრე ხმით დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ 13 და „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი დეპუტატი. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი 17-ვე დეპუტატმა დაუჭირა.
ბორჯომის საკრებულოს სხდომა დღეს ორჯერ გაიმართა. დილით ჩატარებულ სხდომაზე ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური მოჰყვა.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოს შენობაში, როგორც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს დეპუტატებს, ასევე საკრებულოს წევრებს შორის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, მერიის თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის შესასვლელი პიკეტირებული ჰქონდათ.
მერიის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.