ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატების ნაწილი საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს
ბორჯომის საკრებულოს წევრები „ლეიბორისტული პარტიიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ სამართალდამცველებმა საკრებულოს შენობაში არ შეუშვეს, რასაც დეპუტატების მხრიდან პროტესტი და სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ცოტა ხნის წინ ადგილზე მივიდა ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, რომელსაც სამართალდამცველებმა შენობაში შეშვებაზე ასევე უარი უთხრეს.
საკრებულოს შენობაში ამ დროისთვის ბორჯომის მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრების ნაწილი იმყოფება.
„ლეიბორისტული პარტიისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებენ, რომ შენობაში მყოფი მერიის თანამშრომლები და ქართული ოცნების წევრები შენობაში მყოფ საკრებულოს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენენ, რათა გუშინ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია და ვებგვერდზე განთავსება მოხდეს.
ბორჯომის საკრებულომ მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა გუშინ, მეორე სხდომაზე 17 მომხრე ხმით დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ 13 და „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი დეპუტატი. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი 17-ვე დეპუტატმა დაუჭირა.
თავმჯდომარის პოზიციას, ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, გუშინ საგანგებოდ ჩატარებული სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო. მისივე თქმით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც საკითხს განიხილავენ, შესაძლოა, ერთ კვირაში ჩაინიშნოს.
ბორჯომის საკრებულოს სხდომა გუშინ ორჯერ გაიმართა. დილით ჩატარებულ სხდომაზე ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური მოჰყვა.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოს შენობაში, როგორც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს დეპუტატებს, ასევე საკრებულოს წევრებს შორის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, მერიის თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის შესასვლელი პიკეტირებული ჰქონდათ.
ამასთან, ბორჯომის საკრებულოში მომხდარ ინციდენტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.