ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო უკვე მესამედ გადაიდო
ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო უკვე მესამედ გადაიდო.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებს მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილი ხელფასების გაზრდის საკითხი უნდა დაემტკიცებინათ. სხდომას მხოლოდ 14 დეპუტატი ესწრებოდა.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, ოპოზიციის უმრავლესობა მერიაში ხელფასების 450 ლარით მატებას მხარს არ დაუჭერს.
მისივე განმარტებით, თუ მერისა და თანამდებობის პირების ხელფასები მხოლოდ 150 ლარით გაიზრდება, მაშინ უმრავლესობა მზად იქნება წარმოდგენილი დოკუმენტი დაამტკიცოს. ამ დროისთვის, უცნობია, ხვალინდელ სხდომაზე, რომელიც 12 საათისთვის ჩაინიშნა, მერია დეპუტატებს კორექტირებულ დოკუმენტს წარუდგენს თუ არა.
22 იანვარს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ შეძლეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს ხელფასების რეგულირების საკითხი, ასევე საშტატო ნუსხა დამტკიცებული არ ჰქონდა. 18 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერია ხელფასების გაზრდილი ოდენობით დამტკიცებას ითხოვდა, რასაც დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.