9 მარტს დანიშნული ბორჯომის საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება – ამის შესახებ ინფორმაცია ბორჯომის საკრებულოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. პირველი არხი საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ საკრებულომ მერიის მიერ მიწოდებული დოკუმენტი, სადაც თანამშრომლების ხელფასები და საშტატო ნუსხა უნდა დაემტკიცებინათ, სხდომის განხილვის გარეშე თვითმმართველ ორგანოს უკან დაუბრუნა. მისივე თქმით, მერიის მიერ დასამტკიცებლად წარდგენილი ხელფასების რაოდენობა არაადეკვატურად გაზრდილია.
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიამ 2018 წლის 7 მარტს განიხილა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩამოწოდებული საკითხი მერიის საშტატო ნუსხისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ.
როგორც ზემოთ აღნიშნულ კომისიას, ასევე საკრებულოს ბიუროს ერთხმად მიაჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი სარგოების რაოდენობა არაადეკვატურად არის გაზრდილი მაქსიმალური „შკალის მიხედვით“.
აქედან გამომდინარე, შენიშვნების სახით აღნიშნულ საკითხს უკან ვაბრუნებთ მერიაში, კერძოდ წინადადებას ვაძლევთ მერის მოადგილეებს, სამსახურის და განყოფილებების ხელმძღვანელ პირებს სარგოს გაზრდა მოახდინონ ზღვრულ ფარგლებში შესაბამისი დანართის სახით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად 2018 წლის 9 მარტს ჩანიშნული საკრებულოს სხდომა აღარ ჩატარდება“, – აღნიშნულია ბორჯომის საკრებულოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.