ბორჯომის საკრებულოს ფრაქციების საქმის განხილვა მოპასუხე მხარის მოთხოვნით გადაიდო
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის წინააღმდეგ დაწყებული სარჩელის განხილვა დაიწყო, თუმცა მოსამართლე გია ბერაიამ, მოპასუხე მხარის გიორგი გიუაშვილის თხოვნით, სასამართლო სხდომა 17 აპრილამდე გადადო. მიზეზი ბორჯომის საკრებულოს დეპუტატის გიორგი გიუაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, რომელიც სხდომას არ დასწრებია.
მოსარჩელე მხარემ გიუაშვილის მოთხოვნა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად შეაფასა.
„28 თებერვალს მივიღე ტრავმა, სხეულის დაზიანება. იძულებული გავხდი მიმემართა ერთ-ერთი კლინიკისთვის გამოსაკვლვევად. გთხოვთ, დღევანდელი პროცესი გადადოთ გონივრული ვადით“, – წერია დეპუტატ გიორგი გიუაშვილის შუამდგომლობაში.
„ეს არის სიცრუე. ის ყოველდღიურად დადის სამსახურში და თავს კარგად გრძნობს. ჩვენ ვითხოვთ იმ უკანონო გადაწყვეტილების გაბათილებას, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ იქნა მიღებული“, – განაცხადა დეპუტატმა ივანე შალუტაშვილმა.
სხდომა 17 აპრილს 11:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოს დეპუტატებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში საჩივარი 19 თებერვალს შეიტანეს. სასამართლოში ის დეპუტატები დავობენ, რომლებსაც საკრებულოში ორი ფრაქციის „ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და „ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე საკრებულომ მხარი არ დაუჭირა.