ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს
ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით აქცია ბორჯომში 17:00 საათზე გაიმართება. ფრაქციის წევრები და მხარდამჭერები ბორჯომის ცენტრში შეიკრიბებიან, მათი მთავარი მოთხოვნა საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადადგომაა.
ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი კვირკველიას განცხადებით, ზაზა ჩაჩანიძე კანონს არღვევს, რადგან ოქმს ხელს არ აწერს, ამიტომ მის გადადგომამდე პროტესტის შეწყვეტა არ იგეგმება.
„გუშინ საკრებულოს სხდომაზე, 29 საკითხს ნიკა მელიას წარმომადგენელმა ზაზა ჩაჩანიძემ თავადაც დაუჭირა მხარი და სრული უმრავლესობით მივიღეთ, თუმცა დღეს, ალბათ, ნიკა მელიასთან შეთანხმებით, აცხადებს, რომ ხელს არ მოაწერს საკითხებს და ამით კანონის სრულ იგნორირებას ახდენს“, – განაცხადა კვირკველიამ.
მისი შეფასებით, აღნიშნული „ნაციონალური მოძრაობის“ და ზაზა ჩაჩანიძის მიერ ერთობლივად დაგეგმილი საბოტაჟია ბორჯომის მოსახლეობის წინააღმდეგ.
„ამას ბორჯომის მოსახლეობა აუცილებლად გასცემს პასუხს. მხოლოდ ხელფასებზე არ არის საუბარი, გაჩერებულია ბორჯომი, გაჩერებულია ინფრასტრუქტურული სამუშაოები, უამრავი პროექტია განსახორციელებელი, რომ ჩვენი ქალაქი განვითარდეს, მეტი შემოსავალი შემოვიდეს. ზაზა ჩაჩანიძე, ნიკა მელიასთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ამ ყველაფერს უშლის ხელს, ამას არ შევეგუებით“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კვირკველიამ.
ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება და ხმაური გუშინ დაიწყო. საკრებულომ მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა გუშინ, მეორე სხდომაზე 17 მომხრე ხმით დაამტკიცა. ბორჯომის საკრებულოს სხდომა გუშინ ორჯერ გაიმართა. დილით ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური მოჰყვა. ზაზა ჩაჩანიძის განცხადებით, გუშინ საგანგებოდ ჩატარებული მეორე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო.