ბორჯომის საკრებულომ ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა დღეს, მეორე სხდომაზე 17 მომხრე ხმით დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ 13 და „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხი დეპუტატი. მერიის მიერ ხელმეორედ წარდგენილ საკითხს მხარი 17-ვე დეპუტატმა დაუჭირა.
ბორჯომის საკრებულოს სხდომა დღეს ორჯერ გაიმართა. დილით ჩატარებულ სხდომაზე ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური მოჰყვა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოს შენობაში, როგორც მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს დეპუტატებს, ასევე საკრებულოს წევრებს შორის მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ამასთან, მერიის თანამშრომლებს საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის კაბინეტის შესასვლელი პიკეტირებული ჰქონდათ.
ასევე, ბორჯომის საკრებულოში ოპოზიციის მხარდასაჭერად თბილისიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ჩავიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გამოჩენამ ბორჯომის საკრებულოში ხმაური გამოიწვია, რასაც ფიზიკური და სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. როგორც მელიამ განაცხადა, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაესხნენ თავს.
ამ დროისთვის, ბორჯომის საკრებულოსთან ვითარება განიმუხტა, თუმცა მერიის თანამშრომლები ადგილზე რჩებიან და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ.