დაამტკიცებს თუ არა ბორჯომის საკრებულო მერიის მიერ ხელმეორედ წარმოდგენილ ხელფასების ზრდის საკითხს, დღეს გახდება ცნობილი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის ინიციატივით რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე იგეგმება. როგორც დეპუტატები აცხადებენ, გუნდში ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობაა და არ აკონკრეტებენ, დაუჭერენ თუ არა მხარს ხელფასების ზრდას. თუმცა ამბობენ, რომ მერისა და თანამდებობის პირების გარდა, რიგით თანამშრომლებს, ხელფასები უნდა გაეზარდოთ. ცნობილია, რომ სხდომას „ქართული ოცნება“ არ დაესწრება.
22 იანვარს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ხელფასების დარიცხვა ვერ შეძლეს. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საკრებულოს ხელფასების რეგულირების საკითხი, ასევე საშტატო ნუსხა დამტკიცებული არ ჰქონდა. 18 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერია ხელფასების გაზრდილი ოდენობით დამტკიცებას ითხოვდა, ამას კი, დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.