ბორჯომის მერიაში ბოიკოტი გრძელდება, თანამშრომლები დღეს სამსახურში არ გამოცხადდნენ. ისინი საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას მოითხოვენ, რომელზეც მათი ხელფასების საკითხი უნდა განიხილონ.
საკრებულოს სხდომის დასანიშნად საკრებულოს მინიმუმ სამ დღიანი და მაქსიმუმ ერთკვირიანი კვირიანი ვადა აქვს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარაუდობს, რომ რიგგარეშე სხდომა სამშაბათს ჩაინიშნება.
„სხდომა ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავნიშნოთ. მერისგან მოთხოვნის მოწოდებას ველოდებით. თუ მერი არ მოითხოვს, ვიმსჯელებთ და მოვიწვევთ რიგგარეშე სხდომას, რათა მივიდეთ კონსენსუსამდე, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ მერიის თანამშრომლებმაც და საკრებულოს წევრებმაც“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილმა.
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციებს წარმომადგენლები ხელფასების მერიის მიერ შეთავაზებული ფორმით მატებას კვლავ ეწინააღმდეგებიან და რანგირების სისტემას მოითხოვენ, თუმცა თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ მერს ხელფასი უნდა გაეზარდოს.
„არ ვეთანხმები ამ პათოსს, თუ ვინმემ უნდა მოიმატოს ხელფასი, ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს არის მერი. მერს უნდა ქონდეს დიდი ხელფასი, სხვებთან შედარებით. კონკრეტულად მერის ხელფასის მატებაზე არ გვქონდა საუბარი, აქ არის სამსახურების უფროსები, მათი მოადგილეები და ა.შ. ვთავაზობთ მათ, რომ ბაღის თანამშრომლების, ავტობუსების მძღოლების ხელფასებს გადავხედოთ, კატასტროფაა, მათი ანაზღაურება 300-დან 350 ლარამდეა. ვთავაზობთ, რომ ხელფასები გაეზარდოთ არა 450, არამედ 200 ლარით, მათ იმხელა ხელფასი აქვთ, 1500 ლარი 1700-მდე რომ გაეზარდოთ სრულიად საკმარისია და 150 ლარიანი ზრდა გავუკეთოთ ავტობუსის მძღოლებს, ბაღების, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მართლაც ბორჯომისთვის შრომობენ“ – განაცხადა გიორგი გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, რანგირება მოხდა საკრებულოში, ხელფასები მინიმალურად გაეზარდათ საკრებულოს თანამშრომლებს და არა საკრებულოს თავმჯდომარეს, მოადგილეს ან რომელიმე თანამდებობის პირს.
პოზიციების დათმობას არ აპირებს არც ფრაქცია „ქართული ოცნება”. ისინი ხელფასების მერიის მიერ შეთავაზებული სქემით მომატებას ითხოვენ.
„თითოეულ საჯარო მოხელეს, როგორც დაბალი, ასევე მაღალი რანგის, ემატება არა ისე კატასტროფულად როგორც საუბრობენ, არამედ წინა პრემიებთან შედარებით, გაცილებით ნაკლები თანხა. ასე რომ, ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. თანამშრომლებმა, რომლებიც მუშაობენ და ხალხს სერვისს აწვდიან, უნდა აიღონ ხელფასები, რომელიც მერიამ შესთავაზა“ – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ფერაძემ.
ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება და ხმაური 28 თებერვალს დაიწყო. საკრებულომ 28 თებერვალს ორი სხდომა გამართა, პირველ სხდომაზე ბორჯომის მერიის ხელფასების საკითხი და საშტატო ნუსხა ვერ დამტკიცდა, რასაც ხმაური და როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დღის მეორე ნახევარში გამართულ სხდომაზე კი, საკითხი 17 მომხრე ხმით დამტკიცდა. მოგვიანებით, საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ საგანგებოდ ჩატარებული მეორე სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმური იყო. ბორჯომის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, გუშინ ბორჯომში აქცია გაიმართა. ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი კვირკველიას განცხადებით, ზაზა ჩაჩანიძე ოქმს ხელს არ აწერს და ამით კანონის სრულ იგნორირებას ახდენს.
ბორჯომის საკრებულოში „ქართული ოცნება“ უმცირესობაშია.