„ბიბისი“ - რატომ არის ჩინეთისთვის ჰონგ კონგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
„ბიბისი“ - რატომ არის ჩინეთისთვის ჰონგ კონგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი

ჩინეთი – მსოფლიოში ეკონომიკის მხრივ სიდიდით მეორე სუპერ სახელმწიფოა. პეკინი პირველობაში აშშ-ს ეჯიბრება. გამომდინარე აქედან, შეიძლება დავასკვნათ, რომ კომუნისტური სისტემა დემოკრატიას არაფრით ჩამოუვარდება და ქვეყანას გამდიდრების საშუალებას აძლევს, ანუ ჩინეთს შეუძლია დაივიწყოს ადამიანის უფლებები, თავისუფალი სასამართლო და ბიზნეს კლიმატი? თუმცა, ასე არ გამოდის და ეს ჰონგ კონგის დამსახურებაა, რომელიც დასავლეთის თარგზე გამოჭრილი თავისუფლების კუნძულია ჩინეთში.

ჰონგ კონგი არის ფანჯარა სამყაროში, სადაც ორივე მხარეს უბერავს „ფულის ქარი“, რომელიც ჩინეთისა და მსოფლიო ეკონომიკას თანაბრად აჯანსაღებს.

დასავლური კომპანიები ჩინეთში დიდ ინვესტიციებს აბანდებენ. ჩინეთში აწყობენ ტელეფონებს, კერავენ ტანსაცმელს. საპასუხოდ ჩინეთიც აქტიურად აბანდებს ფულს დასავლეთში: აშენებს ელექტროსადგურებს, გზები გაჰყავს და ხიდებს აგებს, ყიდულობს კომპანიებს და ბანკებს. საუბარია ასობით მილიარდ დოლარზე წელიწადში. ამ ფულის დიდი ნაწილი სწორედ ჰონგ კონგის გავლით ხვდება დასავლეთში. ყოველწლიურად ჩინეთის მიერ განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60% და მოზიდული კაპიტალის 70% ჰონგ კონგზე გადის.

ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაზე კონტროლის დაბრუნებიდან 20 წლის შემდეგ ჰონგ კონგი საფრთხეშია. ჩინეთის სულ უფრო მეტი წნეხის ქვეშ აქცევს ავტონომიას და ღიად ახდენს ძალის დემონსტრირებას.

ჰონგ კონგის თავისუფლების ფანჯარა შეიძლება ერთხელაც დაიხუროს. ეს პრობლემებს შეუქმნის არა მხოლოდ ჩინეთს, არამედ მსოფლიო ეკონომიკასაც. რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰონგ კონგის შენარჩუნება?

„ერთი სახელმწიფო – ორი სისტემა“

ჰონგ კონგის დაბრუნების შემდეგ, ჩინეთს კუნძულზე ცხოვრების წესი არ შეუცვლია და კომუნისტური წყობა თავზე არ მოუხვევია. ასეთი იყო ჩინეთის ეკონომიკური სასწაულის ავტორის დენ სიაოპინის ანდერძი.

ჰონგ კონგში სხვა კანონები და პოლიტიკური სისტემაა, განსხვავებულია პასპორტები და ენაც კი. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და ინგლისურის მსგავსად მუშაობს. ჰონგ კონგის მცხოვრებლების სიტყვის, შეკრების და რწმენის თავისუფლება გარანტირებულია.

ჰონგ კონგი გახლავთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამოუკიდებელი და სრულფასოვანი წევრი. აქ მოქმედებს სხვა ვალუტა, სავაჭრო პოლიტიკა და ფინანსური რეგულაციები.
ამის დამსახურებით, ჰონგ კონგი ორ რადიკალურად განსხვავებულ სისტემას აერთიანებს – კომუნისტურ ჩინურს და დასავლურ დემოკრატიულს. ჰონგ კონგი მათ აძლევს ვაჭრობისა და ურთიერთინვესტირების შესაძლებლობას, რადგან ფული დაცულია, ხოლო კონკურენცია და თვითნებობა აღკვეთილი უკეთ, ვიდრე ამას ჩინეთის პოლიტბიურო და სახალხო სასამართლო ახერხებენ.

ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჰონგ კონგი მსოფლიოში მესამე ფინანსურ დედაქალაქად დასახელდეს, ნიუ იორკისა და ლონდონის შემდეგ. უკვე 25 წელია კუნძული აღიარებულია ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად მსოფლიოში.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ამ სიაში მეასე ადგილს იკავებს. ჰონგ კონგს პირველობაში ეპაექრება სინგაპური და ბოლო წლებში მათ შორის სხვაობა მცირდება.

„ძლიერი თავისუფალი სასამართლო სისტემის გარეშე ჰონგ კონგი დაკარგავს უნიკალურ უპირატესობას, რომელმაც ის მსოფლიოს ფინანსურ დედაქალაქად გადააქცია“, – აცხადებენ ექსპერტები.

აშშ-ჩინეთის ბრძოლის მეორე ფრონტი

ჩინეთისა და აშშ-ის სავაჭრო ომმა ჰონგ კონგის ეკონომიკა უკვე დააზარალა. მართალია, ის ამ შერკინებაში უშუალოდ არ მონაწილეობს, რადგან აშშ ჰონგ კონგს დამოუკიდებელ ეკონომიკურ პარტნიორად განიხილავს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის გარდა, აშშ-თან განსაკუთრებულ ურთიერთობებს სპეციალური ამერიკული კანონი აწესრიგებს, რომელიც კონგრესმა ჯერ კიდევ 1992 წელს მიიღო. ეს ბრიტანეთის მიერ ჰონგ კონგის ჩინეთისთვის დაბრუნებამდე ხუთი წლით ადრე მოხდა.

ამიტომ ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფები ჰონგ კონგზე არ ვრცელდება. და არა მხოლოდ ტარიფები, აშშ-ის მიერ კაპიტალის და ტექნოლოგიების გადაცემაზე დაწესებული შეზღუდვები ასევე არ ეხება კუნძულს, მაგრამ სავაჭრო ომი კვალს მაინც ტოვებს. ჰონგ კონგის გავლით ფულის ნაკადი მცირდება. დასავლურ კომპანიებს ბიზნესი ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადააქვთ. მცირდება ინვესტიციების მოცულობაც. თავის მხრივ, ჩინეთს თავისუფალი კაპიტალი აღარ აქვს, რადგან ეკონომიკის ზრდის ტემპი შენელდა და კრედიტების გაცემაც შეიზღუდა.

თუ საპროტესტო აქციების ფონზე ჰონგ კონგში ჩინური ტანკებიც გამოჩნდებიან, მაშინ კუნძული აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის მეორე ფრონტად გადაიქცევა. აშშ-ის კონგრესში უკვე დიდი ხანია თაროზე აქვთ შემოდებული კანონი, რომლითაც ჰონგ კონგისთვის დაწესებული და დღეს მოქმედი ყველა სავაჭრო თუ ეკონომიკური შეღავათი უქმდება. ჰონგ კონგში თავისუფლების შეზღუდვის ფონზე ამ კანონის დამტკიცების შანსები გაზრდილია. მსოფლიო ეკონომიკისთვის ესეც ცუდი ამბავია.

გაძლებს თუ არა ჩინეთი ჰონგ კონგის გარეშე 

ჰონგ კონგში, სავაჭრო ომის გარდა, სირთულეები არ აკლიათ. ერთ დროს მსოფლიოში უდიდესმა ჰონგ კონგის საკონტეინერო პორტმა თავდაპირველად პირველობა შანხაის დაუთმო, ახლა კი სულაც მეშვიდე ადგილზეა. 1990-იან წლებში ჰონგ კონგის წილი ჩინეთის ეკონომიკაში მთლიანი შიდა პროდუქტის 25 პროცენტს აღწევდა, ახლა კი ის მხოლოდ 3%-ს შეადგენს.

მოსახლეობა თავისუფლების შეზღუდვას აპროტესტებს. ეს ეკონომიკას უფრო მეტად უთხრის ძირს. აქციები აფრთხობს ტურისტებს და მომხმარებლებს. კუნძულზე მოქმედი კომპანიები, ხელისუფლების ზეწოლით, თანამშრომლების პოლიტიკური აქტიურობის შეზღუდვას ცდილობენ, რაც გაფიცვებით და კადრების შემცირებით მთავრდება.

თუ ჰონგ კონგისგან მიღებული სარეგებელი მცირდება, პრობლემები მატულობს და აშშ-სთან ურთიერთობები ისედაც გაფუჭდა, მაშინ ხომ არ გამოიყენებს ჩინეთი ამ მომენტს პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადასაჭრელად?

ამისთვის საერთაშორისო შეთანხმებების დარღვევაა საჭირო. ბრიტანეთის კოლონიის მიღების დროს პეკინმა პირობა დადო, რომ ავტონომიის თავისუფლებას 50 წლის განმავლობაში დაიცავდა. ჯერ მხოლოდ 20 წელი გავიდა. მეტიც, პარტიის ბოლო ყრილობაზე ჩინეთის ლიდერმა „ერთი ქვეყნისა და ორი სისტემის“ პრინციპი შეაქო კიდეც, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ არსებული ვითარება დიდხანს გაგრძელდება.

ბანკირები დარწმუნებული არიან, რომ ჰონგ კონგის ფინანსური ცენტრის ფუნქცია ჩინეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჰონგ კონგის ბირჟა მსოფლიოში მეხუთეა, მართალია, ბოლო პერიოდში ის პოზიციებს შანხაის უთმობს, თუმცა ჩინური კომპანიებისთვის უცხოური კაპიტალის მიზიდვის მთავარ ადგილად მაინც რჩება. შარშან ჰონგ კონგში ჩინურმა კომპანიებმა 35 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციები გაყიდეს.

დასავლურ ფინანსურ ცენტრს კომუნისტური ქვეყნისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. ჰონგ კონგში შეიძლება მიიზიდო მეტი და იაფი კაპიტალი, რადგან რისკები დაბალია. ეს რეგულაციების და სასამართლო სისტემის დამსახურებაა. ჰონგ კონგის ბირჟაზე აქციების განთავსება იოლია, მაშინ როდესაც კონტინენტურ ჩინეთში ამისთვის მთავრობის თანხმობაა საჭირო.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჰონგ კონგის გავლით ჩინურ კომპანიაში დაბანდებული ფულის დაბრუნება ყოველთვის შესაძლებელია, რადგან ჰონგ კონგური დოლარი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტაა და ამერიკული დოლარის კურსზეა მიბმული. ჩინური იუანის კურსს კი მთავრობა აკონტროლებს და კონტინენტური ჩინეთიდან კაპიტალი გატანა მკაცრად კონტროლდება. თავისუფლად კონვერტირებად იუანზე გადასვლა ხანგრძლივი პროცესია, ხოლო ჰონგ კონგის გარეშე ის კიდევ უფრო გაჭიანურდება, რაც ჩინეთის ოცნებას, გაუსწროს აშშ-სა და კონკურენცია გაუწიოს დოლარს, კიდევ უფრო შორეულს ხდის.