„ბიბისი“ - მანჩესტერში, ჩინეთის საკონსულოსთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე საკონსულოს ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შეიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ
„ბიბისი“ - მანჩესტერში, ჩინეთის საკონსულოსთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე საკონსულოს ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შეიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ

მანჩესტერში, ჩინეთის საკონსულოსთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე საკონსულოს ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით შეიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დაუდგენელი პირები საკონსულოდან გამოვიდნენ და აქციის ერთ-ერთი მონაწილე დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე შეათრიეს. მან თავის დაღწევა პოლიციისა და სხვა დემონსტრანტების დახმარებით შეძლო.

როგორც დაზარალებული ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ჰყვება, ჩინეთის საკონსულოდან გამოსულმა პირებმა დემონსტრანტებს პოსტერები გაუნადგურეს.

„როდესაც ჩვენ მათ შეჩერებას ვცდილობდით, საკონსულოდან გამოსულმა ადამიანებმა შიგნით შემათრიეს და მცემეს“, – განაცხადა მან.

ჩინეთის საკონსულოს წარმომადგენლის განცხადებით, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩინეთის ლიდერის შეურაცხმყოფელი პლაკატები ეჭირათ. მანამდე საკონსულოს თანამშრომლებმა დემონსტრანტებს ქუჩის მეორე მხარეს გადანაცვლებისკენ მოუწოდეს.

„ეს იქნებოდა მიუღებელი ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი დიპლომატიური თუ საკონსულო მისიისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ ამ დასანან ქმედებას ძლიერი აღშფოთებითა და მტკიცე წინააღმდეგობით“, – ნათქვამია ჩინეთის საკონსულოს განცხადებაში. დიპლომატიური მისიის ცნობით, ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა იმოქმედეს დაუყოვნებლივ სიტუაციის განსამუხტად.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს ითხოვს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანჩესტერის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მანჩესტერში ჰონკონგის დემოკრატიის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია პეკინში მიმდინარე ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით იმართებოდა.