ჰონგ კონგში 53 ყოფილი დეპუტატი და დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტი დააკავეს
ჰონგ კონგში 53 ყოფილი დეპუტატი და დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტი დააკავეს

ჰონგ კონგში ეროვნული უსაფრთხოების კანონის დარღვევის ბრალდებით 53 ყოფილი დეპუტატი და დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტი დააკავეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ქალაქის მთავრობის ჩამოგდების მცდელობა.

ჰონგ კონგის უსაფრთხოების მდივნის განცხადებით, დაკავებულების საქმიანობა „დივერსიულ“ ხასიათს ატარებდა.

პეკინმა ნახევრად ავტონომიურ რეგიონში უსაფრთხოების ახალი კანონმდებლობა გასული წლის ივნისში შემოიღო. ჩინეთის მთავრობა დაკავებებს ამართლებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინის განცხადებით, დაკავებები აუცილებელი იყო, რათა გარე ძალებს და ადგილობრივ მოქალაქეებს შორის შეთქმულება ჩაშლილიყო, რაც ჩინეთის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას უქმნიდა საფრთხეს.

„ბიბისი“ წერს, რომ დაკავებულებს შორის არიან ცნობილი ოპოზიციონერები, რომელთა სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ჰონგ კონგის დაკავებები მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილმა ენტონი ბლინკენმა, რომელმაც თქვა, რომ დაკავებები იყო „თავდასხმა მათზე, ვინც უნივერსალურ უფლებებს მამაცურად იცავს“.

ჩინეთის მიერ შემოღებული ახალი კანონით გამოყოფის, დივერსიის, ტერორიზმისა და უცხოურ ძალებთან შეთქმულების მცდელობები სამუდამო პატიმრობით დაისჯება.