გადი ეიზენკოტი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთავაზებას ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის შესახებ „მორიგ პოლიტიკურ მანევრს“ უწოდებს – „ეს ხრიკები ჩემზე არ მოქმედებს“
გადი ეიზენკოტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეთავაზებას ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნის შესახებ „მორიგ პოლიტიკურ მანევრს“ უწოდებს. მისი თქმით, „ლიკუდისა“ და „იაშარის“ მომლაპარაკებლების ჯგუფები შეხვედრაზე უკვე შეთანხმდნენ, რომელიც ხვალ გაიმართება.
აიზენკოტის განცხადებით, გამორიცხულია ნეთანიაჰუსთან პოლიტიკური პარტნიორობა, თუმცა არ გამორიცხავს „ლიკუდთან“ კოალიციის შექმნას ნეთანიაჰუს გარეშე, საკუთარი ხელმძღვანელობით.
„ის ამბობს, რომ ერთიანობა სურს, თუმცა ქნესეთში სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებას შეურაცხყოფს, საზოგადოებას ყოფს და დაპირისპირებისკენ უბიძგებს, თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდეს. კარგი მცდელობაა, მაგრამ ეს ხრიკები ჩემზე არ მოქმედებს. არც ისრაელის მოქალაქეებზე იმოქმედებს“, – განაცხადა ეიზენკოტმა.
ეიზენკოტის განცხადებით, ნეთანიაჰუ ახალი მთავრობის ფორმირების პროცესის შეფერხებას ცდილობს, რადგან იცის, რომ ისრაელის მოქალაქეებისა და პარლამენტარების აბსოლუტური უმრავლესობა მის წინააღმდეგაა.
ეიზენკოტის განცხადებით, თანამდებობა უნდა დატოვოს ყველამ, ვისაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის დროს ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი პოზიცია ეკავა.