ალბანეთში პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომის მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტები და სხვა მოქალაქეები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ანტისამთავრობო აქციაზე და პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომა მოითხოვეს.
დემონსტრანტები განათლების სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისკენ გაემართნენ. მსვლელობისას ისინი პრემიერ-მინისტრის საწინააღმდეგო შეძახილებს სკანდირებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. ისმოდა შეძახილები: „რამა გადადექი“, „ახალგაზრდების გარეშე ალბანეთი არ არსებობს“, „სტუდენტები რევოლუციას ითხოვენ“, „რამა ციხეში.”
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი დემონსტრაციებს კვირაში ორჯერ გამართავენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
აქციის მონაწილეები სწავლის საფასურის შემცირებას, განათლების დაფინანსების გაზრდასა და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვენ. დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომაა.