ევროკავშირი ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს – „ისრაელს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი დაშვება“

01:25, 15.11.2026
FILE PHOTO: European Union flags flutter outside the European Commission headquarters in Brussels, Belgium, March 24, 2021. REUTERS/Yves Herman/File Photo

FILE PHOTO: European Union flags flutter outside the European Commission headquarters in Brussels, Belgium, March 24, 2021. REUTERS/Yves Herman/File Photo

ევროკავშირი ღაზის სექტორში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ისრაელს ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ და შეუფერხებლად დაშვებისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირის განცხადებით, ღაზაში ბოლო პერიოდში განვითარებულმა წყალდიდობებმა და ზამთრის მკაცრმა პირობებმა ისედაც გამოფიტული მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, გაზარდა საფრთხეები და გააღრმავა ადამიანური ტანჯვა.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვა ნებისმიერ ვითარებაში აუცილებელია. ეს გულისხმობს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ასევე სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულებების დაცვას.

ევროკავშირის განცხადებით, ღაზის კონფლიქტის დასრულების ყოვლისმომცველი გეგმით გათვალისწინებული ჰუმანიტარული დახმარების ვალდებულებები სრულად უნდა შესრულდეს.

„ისრაელს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენისთვის საჭირო მხარდაჭერის შეუფერხებელი დაშვება და ფართომასშტაბიანი მიწოდება, ასევე გახსნას ღაზის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი“- ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი ისრაელს ასევე მოუწოდებს, უზრუნველყოს გაერო-სა და მისი სააგენტოების, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეუფერხებელი საქმიანობა და შეასრულოს საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლით, ნაკისრი ყველა ვალდებულება.

ამასთან, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ჰუმანიტარული დახმარება მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის უნდა გამოიყენებოდეს და შეიარაღებულმა ჯგუფებმა ის საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა მიითვისონ.

ევროკავშირის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგაც ღაზაში სამხედრო დარტყმები გრძელდება. ამასთან, არსებული შეზღუდვების გამო მოსახლეობას კვლავ არ მიეწოდება აუცილებელი ნივთები, მათ შორის მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა, რის გამოც ადამიანებს ღირსეული ცხოვრების პირობები არ აქვთ.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების შეფასებით, ევროკავშირის განცხადება „სრულიად დაუბალანსებელია“.

„ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს „ჰამასის“ დაუყოვნებლივი განიარაღება, რათა ღაზის სექტორი დემილიტარიზებული გახდეს და მისი აღდგენა დაიწყოს“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი