ემანუელ მაკრონი – უკრაინისთვის უსამართლო მშვიდობის თავს მოხვევა ახალი ომის წინაპირობას შექმნის, ევროპამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს

00:46, 15.11.2026

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები უშუალოდ ეხება ევროპას, რადგან უკრაინის უსაფრთხოება მთელი კონტინენტის უსაფრთხოებას განსაზღვრავს.

„ის, რაც უკრაინაში ხდება, პირდაპირ გვეხება. სასწორზე ჩვენი საერთო უსაფრთხოებაა. უკრაინის დახმარება თავდაცვის სფეროში საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის დაცვასაც ნიშნავს. რუსეთი ევროპულ ქვეყანას ძალადობით საკუთარ ნებას თუ მოახვევს თავს, მთელი ევროპა დასუსტდება“, – წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უკრაინის საკითხი ხუთშაბათსა და პარასკევს დუბლინში გამართული დისკუსიების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მაკრონის განცხადებით, შეხვედრებზე ევროპელმა ლიდერებმა ერთიანობა ორ პრიორიტეტთან დაკავშირებით დაადასტურეს.

„პირველი არის უკრაინის დახმარება ზამთრის გადატანაში. უკრაინელები აგრძელებენ წინააღმდეგობას ისეთი გამბედაობით, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს“, -წერს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელ წარმომადგენლებთან ბოლო მოლაპარაკებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკება არ სურს. მაკრონის თქმით, რუსეთის არმია წინსვლას ვერ ახერხებს, უკან იხევს და მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. ამის მიუხედავად, პუტინი ცდილობს, უკრაინა დააჩოქოს, რისთვისაც აძლიერებს იერიშებს მშვიდობიან მოსახლეობაზე.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, ეს მცდელობა ჩავუშალოთ. ეს ნიშნავს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შენარჩუნებას და მის დახმარებას მოსახლეობის, ელექტროსადგურებისა და ელექტროქსელების დაცვაში“, – წერს მაკრონი.

მისივე თქმით, მათ, ვისაც უკრაინისთვის რესურსების შეზღუდვა სურს, საბოლოოდ კიევისთვის უსამართლო მშვიდობის თავს მოხვევა და მისი მუდმივად მოწყვლად მდგომარეობაში დატოვება უნდათ, რაც, თავის მხრივ, ევროპასაც დაუცველს გახდის.

„ეს დამარცხების განწყობაა. ეს მომდევნო ომის წინაპირობაა. საფრანგეთის პოზიცია ასეთი ვერ იქნება“, – წერს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მეორე პრიორიტეტი უკრაინასთან ერთად სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მუშაობაა. მისი შეფასებით, ამ პროცესში ევროპამ სრულფასოვანი მონაწილეობა უნდა მიიღოს, რადგან კონტინენტის უსაფრთხოება უკრაინაში დამყარებულ მშვიდობაზეც არის დამოკიდებული.

მაკრონის განცხადებით, ევროპული საბჭოს გუშინდელ შეხვედრაზე ლიდერებმა ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახლა აუცილებელია, ევროპამ მკაფიოდ განაცხადოს, მათ შორის რუსეთისთვისაც, როგორი უნდა იყოს ომის შემდგომი პერიოდი. ამასთან, ევროპელმა პარტნიორებმა უნდა განსაზღვრონ, რას ელოდებიან შეერთებული შტატებისგან ევროპის გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინას, რომელსაც ევროპაში ყველაზე დიდი სახმელეთო არმია ჰყავს, ნატო-სთან ერთად მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს ევროპის უსაფრთხოების სისტემაში. მისი თქმით, უკრაინის ადგილი ნატო-შია.

„ჩვენი მიზანი ნათელია: უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის უზრუნველყოფა, შემდეგ კი ყველასთან ერთად მუშაობის გაგრძელება ევროპის საერთო უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად. სწორედ ასე დავიცავთ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინელებს, ფრანგებსა და ყველა ევროპელს“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მსგავსი