ირანის ქვეშ, ტექტონიკურ ფილაში ორი უზარმაზარი ნარღვევი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ადამიანური თაობების მასშტაბით, დედამიწის ქერქის და ზედა მანტიის შემადგენელი ტექტონიკური ფილები საოცრად ნელა მოძრაობს.
თუმცა, ისინი გამუდმებით მოძრაობენ და მილიონობით წლის განმავლობაში, ეს მოძრაობები ლანდშაფტში გლობალურად მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს.
ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევრებმა ახლახან მიაგნეს მყარ მტკიცებულებას იმისა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანის ქვეშ, არაბეთის ფილის სახელით ცნობილ ტექტონიკურ ფილაში არის ორი უზარმაზარი ნარღვევი.
რღვევის მიზეზია ქანების სხვადასხვა სიმკვრივე. ფილის ერთ ნაწილს შეადგენს ოკეანური ფილა, რომელიც ერთ დროს უძველესი ნეო-თეტისის ოკეანის ნაწილი იყო.
იქ ბაზალტური ქანები უფრო მძიმე და თხელია და მიმდებარე ფილის ქვეშ შედის (ამ პროცესს სუბდუქცია ეწოდება).
ამავე დროს, ფილის ერთი ნაწილიო კონტინენტური ქანია — ზომით უფრო სქელი, მაგრამ შემადგენლობით ნაკლებად მკვრივი, აქვს მსუბუქი ინგრედიენტები, რომელთა გამოც ის გრანიტს წააგავს.
ეს ქანი დაბლა ვერ იძირება, სამაგიეროდ როცა რაიმე წინააღმდეგობას წააწყდება, მაღლა ამოდის და წარმოქმნის მთებს. სწორედ ეს შეუსაბამობა იწვევს დაბზარვებს.
მკვლევრებმა აღმოჩენის დეტალები ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში აღწერეს; ხსნიან, როგორ გვაძლევს ასეთი აღმოჩენები ახალ პერსპექტივას იმის თაობაზე, თუ როგორ გაქრა ოკეანეები და შეეჯახა კონტინენტები ტექტონიკური ფილების მოძრაობასთან ერთად.
ამას გარდა, დიდია შანსი იმისა, რომ თანდათან ეს ნარღვევები ერთმანეთს შეხვდეს.
„რღვევის ამ ორი რეჟიმის თანაარსებობა გვთავაზობს იშვიათ ცნობას ოკეანის სუბდუქციიდან კონტინენტურ შეჯახებამდე ხანმოკლე ადრეული გადასვლის შესახებ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
ძალიან დიდ სიღრმეში გეოლოგიური აქტივობის გასაზომად, მკვლევრებმა გამოიყენეს 69 სხვადასხვა სეისმური მონიტორინგის სადგურის ქსელი, რათა დაეფიქსირებინათ შორეული ბიძგებიდან მომდინარე ვიბრაციები.
ქანების ტემპერატურისა და სიმკვრივის შესაბამისად, ამ ვიბრაციათა სიჩქარე იცვლება და შესაძლებელია ტექტონიკური ფილების აქტივობის სურათის შექმნა.

ჩანაწერები აღებულია 2017 წლის მარტიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში და გვიჩვენებს ორ ნარღვევს: ერთს ჰორიზონტალურს (იქ სადაც ზაგროსის შეჯახების ზონა ხვდება მაკრანის სუბდუქციის ზონას) და მეორე პატარა ვერტიკალურ ნარღვევს, ზედაპირთან ახლოს (მაკრანის ღარის გასწვრივ).
„ვაჩვენეთ, რომ მაკრანის სუბდუქციის ზონაში, ოკეანური ლითოსფერო განუწყვეტლივ იძირებოდა სულ მცირე 450 კმ სიღრმემდე, მაშინ როდესაც დასავლეთით, ზაგროსის შეჯახების ზონაში, კონტინენტური ლითოსფერო 300 კმ-ზე უფრო ღრმად არ ჩაძირულა; ამან გამოიწვია ლითოსფერული ფილის აღმოსავლეთ-სამხრეთული მიმართულებით გაგლეჯა და მოწყვეტა“, — წერენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, ასევე გამოავლინეს ფილის კიდევ ერთი ნარღვევი, რომელიც სავარაუდოდ, მაკრანის ღარისა და ტრანსფორმული საზღვრის შეერთების ადგილას წარმოიქმნა და სამხრეთის მიმართულებით გავრცელდა, კონტინენტური ფილის ჩრდილოეთისკენ მოძრაობის პარალელურად.
მკვლევართა ვარაუდით, ეს მეორე რღვევა უფრო ფილების მოძრაობითაა განპირობებული, ვიდრე ოკეანურ და კონტინენტურ ქანებს შორის არსებული განსხვავებებით; თუმცა, გეოლოგებისთვის ერთსა და იმავე რეგიონში ორივე მათგანის ერთდროულად ხილვა მეტად უჩვეულო მოვლენაა.
კვლევითი მოდელების თანახმად, ფილებში არსებული ეს ნაპრალები უკვე რამდენიმე მილიონი წელია, რაც ვითარდება; ამავე მოდელების მიხედვით, სავარაუდოა, რომ საბოლოოდ ისინი ერთმანეთს შეერწყმება.

„მიუხედავად იმისა, რომ ორივე რღვევა დამოუკიდებლად იწყება, რღვევის პროცესის გაღრმავებასთან ერთად, მათ შორის მოქცეული კონტინენტურ-ოკეანური საზღვრის მონაკვეთი თანდათანობით შთაინთქმება. მოსალოდნელია, რომ ეს პროგრესირებადი შეერთება საბოლოოდ ორი ნარღვევის შერწყმას გამოიწვევს“, — წერენ მკვლევრები.
შემდეგი საკითხია, თუ როგორ შეიძლება ამ ნაპრალებმა და მათმა შესაძლო გაერთიანებამ გავლენა მოახდინოს რეგიონში ვულკანურ აქტივობაზე. როგორც ჩანს, ცხელი მაგმა უკვე ავსებს ნაპრალების შედეგად გაჩენილ ზოგიერთ სიცარიელეს.
იმ დროისთვის, როდესაც ეს ნაწილები ერთმანეთს შეერწყმება, შესაძლოა დედამიწა უკვე დატოვებულიც კი გვქონდეს, თუმცა თანამედროვე გეოლოგებისთვის ეს ამ ძალების მოქმედებაში ხილვის იშვიათი შესაძლებლობაა — განსაკუთრებით ნეო-ტეთისის ოკეანის არსებობის დასკვნით ეტაპებზე. ეს პროცესი უილსონის ციკლის ნაწილია, რომელიც აღწერს ოკეანეების წარმოქმნას, გაფართოებასა და ტექტონიკური ფილების გადაადგილების შედეგად მათ თანდათანობით გაქრობას.
„ოკეანური სუბდუქციიდან კონტინენტურ შეჯახებამდე გადასვლა უილსონის ციკლის საკვანძო ეტაპია. მიუხედავად ამისა, ამ გადასვლის მარეგულირებელი ძირითადი პროცესები ბუნდოვანი რჩება სიღრმეში სტრუქტურაზე მწირი დაკვირვებების გამო“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.