ჯარედ კუშნერი – უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში ახალი იდეები გამოიკვეთა, განიხილება ევროპელ პარტნიორებთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობაც

00:34, 15.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ჯარედ კუშნერი აცხადებს, რომ სამმხრივი შეხვედრებისა და რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან შემდგომი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ მჭიდრო კონსულტაციებს განაგრძობს რუსეთთან, უკრაინასა და ევროპელ პარტნიორებთან.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ყურადღება მოსკოვსა და ევროპელ პარტნიორებს შორის პირდაპირი დიალოგის ხელშეწყობასა და სამმხრივი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგის მომზადებაზეა გამახვილებული.

კუშნერის განცხადებით, გამართული დისკუსიების შედეგად რამდენიმე ახალი იდეა გამოიკვეთა, რომელთა განხილვაც უკვე მიმდინარეობს. მისი თქმით, ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა, უშუალოდ მოლაპარაკებებში გარღვევა გამოიწვიოს, სხვები კი ახალ წინადადებებად ჩამოყალიბდეს და მხარეებს შორის დარჩენილი უთანხმოების შემცირებას შეუწყოს ხელი.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად უკრაინისთვის სანდო უსაფრთხოების გარანტიები და ომის შემდგომი უსაფრთხოების დეტალური, პრაქტიკული მექანიზმებია საჭირო, რომლებიც ახალი ომის დაწყების რისკს შეამცირებს. ნატო ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საყრდენად დარჩება. ამასთან, საჭიროა სამხედრო თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კონფლიქტის თავიდან აცილებისა და დაძაბულობის ურთიერთშესამცირებლად მიმართული მექანიზმების გაძლიერება“, – წერს კუშნერი.

კუშნერის განცხადებით, სწორედ ამიტომ ცდილობს აშშ, მოლაპარაკებებში ევროპელი პარტნიორებიც უშუალოდ ჩართოს.

„ნებისმიერი საბოლოო შეთანხმება შესაბამისმა მხარეებმა უნდა დაამტკიცონ. პრეზიდენტი ტრამპი მხარს დაუჭერს მხოლოდ ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც გააძლიერებს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას და მომავალში კონფლიქტის ალბათობას შეამცირებს“, – წერს კუშნერი.

მისი თქმით, მედიაში ორივე მხარის მაქსიმალისტური მოთხოვნებისა და მკაცრი პოლიტიკური განცხადებების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, თუმცა დახურულ შეხვედრებზე მხარეებს ესმით, რომ ომის დასასრულებლად პრაქტიკული კომპრომისებია საჭირო.

კუშნერი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებში ჩართული მხარეები კონსტრუქციულ მუშაობას განაგრძობენ. მისი თქმით, ომის შედეგად ადამიანური დანაკარგები მძიმეა, საკითხები კი განსაკუთრებით რთული.

„ამ ომს უმძიმესი ადამიანური მსხვერპლი მოაქვს, ხოლო არსებული საკითხები უკიდურესად რთულია. ამის მიუხედავად, ჩვენ განზრახული გვაქვს, გავაგრძელოთ რთული სამუშაო, შევინარჩუნოთ მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი კონფიდენციალურობა და ვიპოვოთ გზა ამ საშინელი ომის დასასრულებლად და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად“, – წერს კუშნერი.

მსგავსი