ჰონგ კონგში შეზღუდვები 18 თებერვლიდან შემსუბუქდება
ჰონგ კონგში შეზღუდვები 18 თებერვლიდან შემსუბუქდება

ჰონგ კონგში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული მკაცრი შეზღუდვები 18 თებერვლიდან შემსუბუქდება, გაიხსნება სპორტული და გასართობი დაწესებულებები. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის მდივნის, სოფია ჩანის თქმით, ქალაქში კვების ობიექტებს მუშაობა 22:00 საათამდე შეეძლებათ. ჰონგ კონგში გარკვეული პირობების დაცვით სალონები, გასართობი პარკები, კინოთეატრები და სპორტული დაწესებულებები იმუშავებს.

ქალაქში საცურაო აუზები, ღამის კლუბები, მაჯონგის სალონები დახურული დარჩება. საჯარო სივრცეებში ორზე მეტი ადამიანის შეკრება კვლავ აკრძალული რჩება.

2020 წლის იანვრის შემდეგ, ჰონგ კონგში კორონავირუსი 10 700 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსით 193 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქალაქში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთნიშნა ციფრამდე შემცირდა.