ბესიკ თამლიანმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა - თუ გინდათ უკრაინის დახმარება, თქვენს ხელთაა სააკაშვილის შეწყალება, მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის ისეთივე წონა აქვს, როგორც „ჯაველინს“, „პეტრიოტს“, „ჰაიმარსს“
ბესიკ თამლიანმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა - თუ გინდათ უკრაინის დახმარება, თქვენს ხელთაა სააკაშვილის შეწყალება, მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის ისეთივე წონა აქვს, როგორც „ჯაველინს“, „პეტრიოტს“, „ჰაიმარსს“

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა, ბესიკ თამლიანმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა და მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა.

„თქვენი სიტყვიერი მხარდაჭერა გასაგებია და ურიგო არ არის; მაგრამ თქვენ თუ გინდათ, უკრაინას ხელშესახები დახმარება აღმოუჩინოთ, თქვენს ხელთ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალება“, – განაცხადა ყოფილმა პატიმარმა, ბესიკ თამლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

თამლიანის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია და არანაკლებია, ვიდრე „ჯაველინი“, „პეტრიოტი“ და „ჰაიმარსი“.

„უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია და არანაკლებია, ვიდრე „ჯაველინი“, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები და იგივე – „ჰაიმარსები“. აი, რას ნიშნავს და რა წონითი კატეგორიაა დღეს უკრაინისთვის პრეზიდენტი სააკაშვილი. თქვენ თუ გინდათ, მართლა უკრაინისთვის სიტყვების მიღმა გახვიდეთ და ქმედითი დახმარება აღმოუჩინოთ, საქართველოს სახელით ეს იქნება ძალიან დიდი დახმარება, რაც საქართველოს წაადგება. რეალურად, ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ უკრაინისთვის, აქ ჩამოსულ დევნილებსაც ვერ ვუპატრონეთ, ვერც იარაღს მივაწვდით, ვერც ვერაფერს, ამ ყველაფერს ჩაანაცვლებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური დასწრება; არანაკლებ მნიშვნელოვანია, „მიგ-29“ ბომბდამშენი თვითმფრინავები რომ არის, იგივე „პეტრიოტის“ წონა აქვს მაგას, იგივე „ჯაველინის“ წონა აქვს, „ჰაიმარსების“ წონა აქვს და უნდა ეს ესმოდეს. მე არ ვიცი, რა ტიპის კომპრომატები აქვს „ქართულ ოცნებას“ თქვენს წინააღმდეგ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვერ გადადგით“, – მიმართა თამლიანმა პრეზიდენტს.

გასული წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მომხდარი ინციდენტისას დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობიდან დღეს გირაოთი გათავისუფლდა.