სოფო კილაძე - ზურაბ ბუდაღაშვილი საკნის შეცვლას ითხოვდა და მოთხოვნა დაკმაყოფილდა
სოფო კილაძე - ზურაბ ბუდაღაშვილი საკნის შეცვლას ითხოვდა და მოთხოვნა დაკმაყოფილდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს, ბესიკ თამლიანსა და ზურაბ ბუდაღაშვილს შეხვდა. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯდომარე დაკავებულებთან ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

სოფო კილაძის თქმით, ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან სოფო კილაძის ინფორმაციით, ზურაბ ბუდაღაშვილი, რომელიც სამარტოო საკანში იმყოფებოდა, ითხოვდა საკნის შეცვლას, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

„ერთ-ერთს ჰქონდა ასეთი თემა, რომ უნდოდა სხვა საკანში გადასვლა და ჩვენ ვთხოვეთ ადმინისტრაციას და მათ უზრუნველყვეს მისი სხვა საკანში გადაყვანა. ხვალ არის სასამართლო და მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ, რომ მათი უფლებები იყოს დაცული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ნორმალური, არაფერს არ უჩივიან ჯანმრთელობის კუთხით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, დაკავებულებს მასთან ზეწოლის ან მუქარის ფაქტებზე არ უსაუბრიათ.

რაც შეეხება ოპოზიციონერი დეპუტატების, თინა ბოკუჩავასა და სერგო რატიანის შეშვებას გლდანის ციხეში, კილაძე განმარტავს, რომ ეს პარლამენტის თავმჯდომარის დისკრეციული უფლებაა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, სწორედ ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარემ მათთვის ნებართვა არ გასცა.

„სოფო კილაძეს, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, აქვს ამის უფლება. რაც შეეხება მშობლების შეშვებას, ეს პრცედურა კანონით არის გაწერილი და შეუძლია ისარგებლონ ამით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

სასჯელაღსრულების ​დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სოფო კილაძე დაკავებულების დედებს შეხვდა. ზურაბ ბუდაღაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, რაზეც ის სოფო კილაძეს მადლობას უხდის. თუმცა მაგული გობეჯიშვილი იმასაც ამბობს, რომ მის შვილს ოჯახის წევრებზე შესაძლო ზეწოლით ემუქრებოდნენ. რაც შეეხება ბესიკ თამლიანის დედას, ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებს.

დატოვე კომენტარი