ადვოკატის ინფორმაციით, ბესიკ თამლიანი საპატიმროს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს
ადვოკატის ინფორმაციით, ბესიკ თამლიანი საპატიმროს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანი საპატიმროს გირაოს სანაცვლოდ დატოვებს. თამლიანის ადვოკატის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღკვეთის ღონისძიება ეცვლება და საბოლოო გადაწყვეტილებამდე პასპორტის ჩაბარების ვალდებულება უწესდება.

„ის თავისუფლდება 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, რომელიც უნდა გადაიხადოს 25 დღის ვადაში და ასევე, გამოძიებას ჩააბაროს თავისი პასპორტი შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თამლიანი საბოლოოდ გამართლდეს“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, ბესიკ თამლიანს 4 აპრილს ისედაც გასდიოდა საპატიმრო ვადა.

„4 აპრილს ყველა შემთხვევაში უნდა გამოეშვათ. ამიტომ სასამართლომ ეს გააკეთა ამ ვადის გასვლამდე და დაასაბუთა იმით, რომ 4 აპრილამდე ვერ მოვასწრებთ დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მოწმეების დაკითხვასო, რომლებიც ათზე მეტია. იმიტომ ვერ ასწრებენ მათ დაკითხვას, რომ ამ სიტუაციის გათვალისწინებით, რაც არის ქვეყანაში, მოწმეები თავს იკავებენ სასამართლოში გამოცხადებისგან. სასამართლოს არ აქვს ბერკეტი, რომ აიძულოს და სასამართლოში მოიყვანოს“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი უღიარებია.

„მას აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ჯგუფურ დანაშაულს, პოლიციელზე თავდასხმას, დაზიანებას, ცივი იარაღის გამოყენებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.