ათწლეულობით ლოდინის შემდეგ, რამდენიმე საათში, NASA კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრეს კოსმოსურ ტელესკოპს გაუშვებს — #1tvმეცნიერება
ათწლეულობით ლოდინის შემდეგ, რამდენიმე საათში, NASA კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრეს კოსმოსურ ტელესკოპს გაუშვებს — #1tvმეცნიერება

ათწლეულების ლოდინის შემდეგ, სულ რამდენიმე საათში, თბილისის დროით 16:20 საათზე, NASA კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრეს კოსმოსურ ობსერვატორიას, ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს გაუშვებს.

ყველა დეტალი უკვე მზად არის. გაშვება საფრანგეთის გვიანიდან, ევროპის კოსმოსური სააგენტოს გამშვებ ცენტრ კორუდან მოხდება. ტელესკოპს კოსმოსში რაკეტა „არიანე 5“ წაიღებს.

პროცესს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში, ამ ბმულზე.

ინჟინერიის ეს საოცრება დაგვეხმარება, პასუხი გავცეთ ფუნდამენტურ კითხვებს სამყაროს შესახებ, გავიხედოთ ძლიერ შორეულ წარსულში, 13 მილიარდი წლის წინ. 

ტელესკოპის ცენტრალური ნაწილია უზარმაზარი, ძირითადი სარკე, 6,5 მეტრის სიგანის ჩაზნექილი სტრუქტურა, რომელიც 18 პატარა, ექვსკუთხა სარკისგან შედგება. დამზადებულია ოქროთი დაფარული ბერილიუმისგან და ისეა ოპტიმიზებული, რომ აირეკლოს სამყაროს შორეული მისადგომებიდან მოღწეული ინფრაწითელი სინათლე.

ტელესკოპი დედამიწიდან დაახლოებით 1,6 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ორბიტაზე განთავსდება, დაახლოებით ოთხჯერ უფრო შორს, ვიდრე მთვარე.

ჩვენი ამჟამინდელი უმთავრესი კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბლისგან განსხვავებით, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს, ჯეიმს ვები მზის გარშემო იმოძრავებს.

მზის გადმოსახედიდან, ის პირდაპირ დედამიწის უკან იქნება მოქცეული, ანუ მუდმივად ჩვენი პლანეტის ღამის მხარეს დარჩება. ვების მზის ფარი მუდამ სარკესა და ჩვენს ვარსკვლავს შორის იქნება მოქცეული.

კოსმოსის ამ რეგიონს ლაგრანჟის მეორე წერტილს უწოდებენ (L2) და იქამდე მისაღწევად, ტელესკოპს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. ჰაბლის შესაკეთებლად მასთან ასტრონავტების გაგზავნა გახდა საჭირო, მაგრამ ჯეიმს ვების შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იქნება.

ვებს ორი მთავარი სამეცნიერო მისია აქვს, რომლებიც მისი დაკვირვებების დროის 50 პროცენტზე მეტს წაიღებს. პირველია კოსმოსური ისტორიის ადრეული ფაზების კვლევა, ძლიერ შორეულ წარსულში ყურება, დიდი აფეთქებიდან სულ რამდენიმე მილიონი წლის შემდგომ პერიოდში.

ასტრონომებს სურთ იხილონ, როგორ წარმოიქმნა პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები და როგორ განვითარდნენ ისინი დროთა განმავლობაში.

მეორე მთავარი მიზანია ეგზოპლანეტების, ანუ მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების აღმოჩენა. მათი ატმოსფეროს შესწავლის გზით, ვები ასევე გამოიკვლევს მათზე სიცოცხლის პოტენციალს.

ვების მთავარ იმედს მისი ინფრაწითელი შესაძლებლობები წარმოადგენს.

ულტრაიისფერი და ხილული სინათლისგან განსხვავებით, რომლებშიც ჰაბლი ოპერირებს, ინფრაწითლის გრძელი ტალღის სიგრძეები უფრო ადვილად გადის მტვერში, რაც ღრუბლებით დაბურული ადრეული სამყაროს უკეთეს, მკაფიო ხედს შემოგვთავაზებს.

ამას გარდა, ფენომენი, რომელსაც წითელ წანაცვლებას უწოდებენ, მეცნიერებს უფრო შორეულ წარსულში გახედვის საშუალებას მისცემს. შორეულ ობიექტთა სინათლე სამყაროს გაფართოებასთან ერთად იწელება, სპექტრის ინფრაწითელი დაბოლოების მიმართულებით.

ასევე დაგეგმილია უფრო ახლო ობიექტთა დაკვირვებები მზის სისტემაში, მათ შორის მარსზე და იუპიტერის ყინულოვან მთვარე ევროპაზე.

ჰაბლის მემკვიდრე კოსმოსურ ტელესკოპზე ფიქრი ასტრონომებმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყეს; ვების მშენებლობა 2004 წელს დაიწყო.

მისი გაშვება მრავალჯერ გადაიდო. თავდაპირველად გაშვება 2007 წელს იგეგმებოდა, შემდეგ 2018-ში… გადადებათა ძირითადი მიზეზი ტელესკოპის კომპლექსურობა ხდებოდა.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი უზარმაზარი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს. NASA-სთან ერთად, მასზე მუშაობდნენ ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოები.

პროექტზე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა იმუშავა, ბიუჯეტმა კი 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მისია ხუთ წელიწადზეა გათვლილი, მაგრამ ეჭვგარეშეა, ის გაცილებით დიდხანს გაგრძელდება.