სამი წლისთავის აღსანიშნავად, ჯეიმს ვებმა კატის თათის ნისლეული გადაიღო — #1tvმეცნიერება
მუშაობის სამი წლისთავის აღსანიშნავად, ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა კატის თათის ნისლეული (NGC 6334) გადაიღო — გიგანტური, კომპლექსური მოლეკულური ღრუბელი, რომელსაც ეს სახელი კატის უზარმაზარ თათებთან მსგავსების გამო უწოდეს.
მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილზე, ღრიანკალის თანავარსკვლავედის მიმართულებით, ადგილზე, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ახალ ვარსკვლავთა წარმოქმნა, სადაც მატერიის გროვები მასიურ ვარსკვლავებად გარდაიქმნება და ირგვლივ ყველაფერი დაბინდულია მტვრისა და მოლეკულური გაზის ღრუბლებით.

თუმცა, ინფრაწითელ სინათლეს შეუძლია გააღწიოს ამ ღრუბლებში, სადაც ტალღის სხვა სიგრძეები ნაწილაკების მიერ მიმოიფანტება. ვინაიდან ჯეიმს ვები ინფრაწითელი ტელესკოპია, შეუძლია შეიხედოს მტვრის მიღმა და ნახოს, რა ხდება შიგნით — შედეგად, ის ბრწყინვალე ხელსაწყოა ვარსკვლავთა წარმოქმნის პროცესის შესასწავლად.
ტელესკოპის ახლო-ინფრაწითელი კამერის (NIRCam) მიერ გადაღებულ ფოტოებზე ამ პროცესის სხვადასხვა ეტაპი ჩანს. ზედა ნაწილში, შუაში, მოჩანს სტრუქტურა სახელად „ოპერის სახლი“ — ჩვილი ყვითელი ვარსკვლავი, რომელიც ანათებს და გარშემო მტვერს მიმოფანტავს; ეს გახლავთ ვარსკვლავის წარმოქმნის ერთ-ერთი ბოლო სტადია.
ფოტოს შუაში, სქელ ყავისფერ მტვერში, მანათობელი წითელი ლაქები ჯერ კიდევ დაბინდულია ნისლეულის მატერიით, რომლებშიც ვარსკვლავთწარმოქმნა აქტიურად მიმდინარეობს. მაღლითა მარჯვენა ნაწილში ნარინჯისფერი რეგიონი არის ადგილი, სადაც ვარსკვლავთწარმოქმნა ჯერ ძალიან ადრეულ ეტაპზეა.
ცისფრად მოციალე ნათებები არის ზონები, სადაც ვარსკვლავთა სინათლე ღრუბელში მიმოიფანტება; მტვრის ფილამენტები, სადაც სინათლე ძნელად აღწევს, მიუთითებს, რომ იქ სიმკვრივე საკმარისად მაღალია, რათა ახალ ვარსკვლავთა დაბადება დაიწყოს — გაზის მკვრივი კვანძები საკუთარი გრავიტაციით კოლაფსირდება და ჩვილ ვარსკვლავთა „თესლებს“ წარმოქმნის.
მოლურჯო-მოთეთრო ნათება ეკუთვნის სრულად ჩამოყალიბებულ ვარსკვლავებს, რომლებმაც გარშემო მატერია უკვე მოასუფთავეს და კოსმოსში თავისუფლად ანათებენ.
მაღალი ხარისხის ფოტოები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ჯეიმს ვების საიტიდან.
მომზადებულია esawebb.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.