ხუთი რამ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესახებ მის გაშვებამდე უნდა ვიცოდეთ — #1tvმეცნიერება
ხუთი რამ, რაც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის შესახებ მის გაშვებამდე უნდა ვიცოდეთ — #1tvმეცნიერება

ათწლეულების ლოდინის შემდეგ, კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი კოსმოსური ობსერვატორია, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, როგორც იქნა, 22 დეკემბერს გაეშვება.

ინჟინერიის ეს საოცრება დაგვეხმარება, პასუხი გავცეთ ფუნდამენტურ კითხვებს სამყაროს შესახებ, გავიხედოთ ძლიერ შორეულ წარსულში, 13 მილიარდი წლის წინ. წარმოგიდგენთ ხუთ დეტალს, რომელიც ამ ტელესკოპის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.

1. ოქროს გიგანტური სარკე

ტელესკოპის ცენტრალური ნაწილია უზარმაზარი, ძირითადი სარკე, 6,5 მეტრის სიგანის ჩაზნექილი სტრუქტურა, რომელიც 18 პატარა, ექვსკუთხა სარკისგან შედგება. დამზადებულია ოქროთი დაფარული ბერილიუმისგან და ისეა ოპტიმიზებული, რომ აირეკლოს სამყაროს შორეული მისადგომებიდან მოღწეული ინფრაწითელი სინათლე.

ობსერვატორიას ასევე აქვს ოთხი სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომლებიც ერთობლივად ემსახურებიან ორ მთავარ მიზანს: კოსმოსურ ობიექტთა გადაღებას და სპექტროსკოპიას, ანუ სინათლის დაშლას ცალკეულ ტალღის სიგრძეებად, რათა შევისწავლოთ კოსმოსური მატერიის ფიზიკური და ქიმიური თვისებები.

სარკესა და ინსტრუმენტებს იცავს ხუთშრიანი მზის ფარი, რომელსაც ფრანის ფორმა აქვს და ჩოგბურთის მოდენის ზომამდე იშლება.

მისი საფარი შედგება კაპტონისგან, მატერიისგან, რომელიც ძლიერ გამძლეა სიცხისადმი და სტაბილურია დიდ ტემპერატურულ დიაპაზონში, რაც საკმაოდ სასიცოცხლოა, რადგან ამ ფარის მზისკენ მოქცეული ნაწილი 110 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელდება, საპირისპირო მხარეს კი ტემპერატურა -236 გრადუსი იქნება.

ტელესკოპს ასევე აქვს „კოსმოსური ხომალდი-ავტობუსი“, რომელშიც თავს იყრის მისი ელექტრომომარაგების, პროპულსიის, კომუნიკაციების, ორიენტაციის, გაცხელებისა და მონაცემთა გადაცემის ქვესისტემები; ჯამში, ვები დაახლოებით სკოლის ავტობუსის წონისაა.

2. 1,6 მლნ კილომეტრიანი გზა

ტელესკოპი დედამიწიდან დაახლოებით 1,6 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ორბიტაზე განთავსდება, დაახლოებით ოთხჯერ უფრო შორს, ვიდრე მთვარე.

ჩვენი ამჟამინდელი უმთავრესი კოსმოსური ტელესკოპის, ჰაბლისგან განსხვავებით, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს, ჯეიმს ვები მზის გარშემო იმოძრავებს.

მზის გადმოსახედიდან, ის პირდაპირ დედამიწის უკან იქნება მოქცეული, ანუ მუდმივად ჩვენი პლანეტის ღამის მხარეს დარჩება. ვების მზის ფარი მუდამ სარკესა და ჩვენს ვარსკვლავს შორის იქნება მოქცეული.

კოსმოსის ამ რეგიონს ლაგრანჟის მეორე წერტილს უწოდებენ (L2) და იქამდე მისაღწევად, ტელესკოპს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. ჰაბლის შესაკეთებლად მასთან ასტრონავტების გაგზავნა გახდა საჭირო, მაგრამ ჯეიმს ვების შემთხვევაში, ეს შეუძლებელი იქნება.

3. გაშვება

ვინაიდან ეს ტელესკოპი საკმაოდ დიდია, შეუძლებელია, რომ რაკეტის კონუსურ ცხვირში საოპერაციო კონფიგურაციით მოთავსდეს. ამიტომ, ის ორიგამის მსგავსად დაკეცილი უნდა გაუშვან. გაშლა კომპლექსური და გამომწვევი ამოცანაა, ყველაზე საშიში და საფრთხილო კონფიგურაცია, რაც კი NASA-ს ოდესმე უცდია.

აფრენიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, გაიშლება საკომუნიკაციო ანტენა და მზის პანელები, რომლებიც მას ენერგიით მოამარაგებს.

შემდეგ, მოდის აკორდეონივით დაკეცილი მზის ფარის გაშლა, რაც მეექვსე დღეს დაიწყება, მას შემდეგ, რაც ტელესკოპი მთვარეს გაცდება. თხელ მემბრანებს გაშლის კომპლექსური მექანიზმი, რომელიც 400 ბორბლისა და ჯამში 400 მ სიგრძის კაბელებისგან შედგება.

მეორე კვირას დადგება სარკის გაშლის დროც. მას შემდეგ, რაც ის საბოლოო კონფიგურაციას მიიღებს, საჭიროა ინსტრუმენტების გაციება და კალიბრაცია, სარკეების ძლიერ ზუსტად მორგება.

ექვსი თვის შემდეგ, ტელესკოპი მუშაობის დასაწყებად მზად იქნება.

4. სიცოცხლე, სამყარო და ყველაფერი

ვებს ორი მთავარი სამეცნიერო მისია აქვს, რომლებიც მისი დაკვირვებების დროის 50 პროცენტზე მეტს წაიღებს. პირველია კოსმოსური ისტორიის ადრეული ფაზების კვლევა, ძლიერ შორეულ წარსულში ყურება, დიდი აფეთქებიდან სულ რამდენიმე მილიონი წლის შემდგომ პერიოდში.

ასტრონომებს სურთ იხილონ, როგორ წარმოიქმნა პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები და როგორ განვითარდნენ ისინი დროთა განმავლობაში.

მეორე მთავარი მიზანია ეგზოპლანეტების, ანუ მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების აღმოჩენა. მათი ატმოსფეროს შესწავლის გზით, ვები ასევე გამოიკვლევს მათზე სიცოცხლის პოტენციალს.

ვების მთავარ იმედს მისი ინფრაწითელი შესაძლებლობები წარმოადგენს.

ულტრაიისფერი და ხილული სინათლისგან განსხვავებით, რომლებშიც ჰაბლი ოპერირებს, ინფრაწითლის გრძელი ტალღის სიგრძეები უფრო ადვილად გადის მტვერში, რაც ღრუბლებით დაბურული ადრეული სამყაროს უკეთეს, მკაფიო ხედს შემოგვთავაზებს.

ამას გარდა, ფენომენი, რომელსაც წითელ წანაცვლებას უწოდებენ, მეცნიერებს უფრო შორეულ წარსულში გახედვის საშუალებას მისცემს. შორეულ ობიექტთა სინათლე სამყაროს გაფართოებასთან ერთად იწელება, სპექტრის ინფრაწითელი დაბოლოების მიმართულებით.

ასევე დაგეგმილია უფრო ახლო ობიექტთა დაკვირვებები მზის სისტემაში, მათ შორის მარსზე და იუპიტერის ყინულოვან მთვარე ევროპაზე.

5. ათწლეულობით მზადება

ჰაბლის მემკვიდრე კოსმოსურ ტელესკოპზე ფიქრი ასტრონომებმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყეს; ვების მშენებლობა 2004 წელს დაიწყო.

მისი გაშვება მრავალჯერ გადაიდო. თავდაპირველად გაშვება 2007 წელს იგეგმებოდა, შემდეგ 2018-ში… გადადებათა ძირითადი მიზეზი ტელესკოპის კომპლექსურობა ხდებოდა.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი უზარმაზარი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგს წარმოადგენს. NASA-სთან ერთად, მასზე მუშაობდნენ ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოები.

პროექტზე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა იმუშავა, ბიუჯეტმა კი 10 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

მისია ხუთ წელიწადზეა გათვლილი, მაგრამ ეჭვგარეშეა, ის გაცილებით დიდხანს გაგრძელდება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.