NASA-ს ახალი, კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი ტელესკოპი სრულიად შეცვლის არამიწიერი სიცოცხლის ძებნის პროცესს — #1tvმეცნიერება
NASA-ს ახალი, კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი ტელესკოპი სრულიად შეცვლის არამიწიერი სიცოცხლის ძებნის პროცესს — #1tvმეცნიერება

როდესაც გაუშვებენ, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სრულიად ახლებურად დაგვანახებს სამყაროს, ისე, როგორც ადამიანს ჯერ არ უნახავს. ის ყველაზე დიდი და მძლავრი ტელესკოპია, რაც კი ოდესმე შეუქმნია კაცობრიობას. ახალი კვლევის მიხედვით, მან შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლის პოტენციური ნიშნებიც კი შეამჩნიოს პლანეტის ტრანზიტისას, სულ რაღაც 20 საათში.

ტელესკოპს NASA 2021 წლის 22 დეკემბერს გაუშვებს; იქამდე კი, ერთმა ასტრონომმა შეისწავლა მისი ტრანსმისიული სპექტროსკოპიის პოტენციალი — იმედისმომცემი მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობის დადგენა; ამისათვის კი გამოიყენება ვარსკვლავის სინათლის გავლა პლანეტის ატმოსფეროში.

TRAPPIST-1e-ს მაგალითზე, რომელიც იმედისმომცემი ეგზოპლანეტაა სიცოცხლის ნიშნების პოვნის თვალსაზრისით, ასტრონომმა თომას მიკალ-ევანსმა გამოთვალა, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ჯეიმს ვების ტელესკოპს ამ პლანეტის ატმოსფეროში მეთანის (CH4) და ნახშირორჟანგის (CO2) დასაფიქსირებლად.

CH4-ის და CO2-ის კომბინაციის პოვნა სულ რაღაც ხუთი ტრანზიტით, ანუ ვარსკვლავის წინ პლანეტის ჩავლით არის შესაძლებელი, მაგრამ დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა ცვლადზე, მათ შორის ღრუბლებისა და ნისლის დონეზე. თითოეულ ტრანზიტს 4,3 სთ სჭირდება, რაც ჯამში 20 საათი გამოდის.

„თუ TRAPPIST-1e-ს იმის მსგავსი ატმოსფერული შემადგენლობა აქვს, რაც არქეული ხანის დედამიწას, CH4-ის და CO2-ის ძლიერი დაფიქსირება 5-10 ტრანზიტზე დაკვირვებით არის შესაძლებელი, თუ გამოვრიცხავთ ინსტრუმენტთა ხმაურს და ვარსკვლავურ ცვალებადობათა ეფექტს“, — წერს გერმანიის მაქს პლანკის ასტრონომიის ინსტიტუტის ასტრონომი მიკალ-ევანსი.

TRAPPIST-1e-ს გარშემო CH4-ის და CO2-ის არსებობა რა თქმა უნდა, არ იქნება იქ არამიწიერი სიცოცხლის აშკარა მტკიცებულება, მაგრამ ნამდვილად არის იმ სახის მტკიცებულება, რომელზეც ასტრონომები ეგზოპლანეტების ცაში ბიოხელწერების ძებნისას ნადირობენ.

გავითვალისწინოთ, რომ 20-საათიანი დაკვირვება ქვედა ზღვარია; მიკალ-ევანსის მონაცემები მიუთითებს, რომ შესაბამისი ჩანაწერების მისაღებად შეიძლება 200 საათიც გახდეს საჭირო, რაც დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიც არის თუნდაც ატმოსფეროს ღრუბლიანობა. ამას გარდა, შესაძლებელია ისიც, რომ ეგზოპლანეტას სრულიად განსხვავებული ატმოსფერული შემადგენლობა აღმოაჩნდეს.

მიუხედავად ამისა, შედეგები მაინც ამაღელვებელია. ევანსის განცხადებით, დიდად მოსალოდნელია, რომ ჯეიმს ვები ეგზოპლანეტათა კვლევებში დიდ გარდაქმნას მოახდენს. მისი კვლევის შედეგები წარმოაჩენს, რომ ამ ტელესკოპის გამოყენება სრულიად შესაძლებელია შორეულ ეგზოპლანეტათა ატმოსფეროში ბიოხელწერებზე (სიცოცხლის კვალი) ნადირობა და თანაც, ეს პროცესი შედარებით ადვილი იქნება.

ტელესკოპს სახელი ჯეიმს ვების პატივსაცემად უწოდეს, რომელიც 1961-1968 წლებში იყო NASA-ს ადმინისტრატორი და აპოლოს კოსმოსური პროგრამის საკვანძო ფიგურა. ტელესკოპი წარმოადგენს NASA-ს, ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) და კანადის კოსმოსური სააგენტოს (CSA) ერთობლივ პროექტს.

პროექტის ავტორი კოსმოსური სააგენტოები პირველ რიგში მის ორბიტაზე გატანაზე არიან კონცენტრირებული. უკვე შეავსეს საწვავითაც.

ტელესკოპის გაშვება უკვე არაერთხელ გადაიდო. უფრო მეტიც, პროექტი მე-20 საუკუნეში შეადგინეს და ტელესკოპის გაშვება თავდაპირველად 2007 წელს იგეგმებოდა.

მას შემდეგ, გაშვება უთვალავჯერ გადაიდო. მიზეზი ზოგჯერ ფინანსები იყო, ზოგჯერ ტექნიკური ხარვეზები, ბოლოს კი გლობალური პანდემია. ამჟამად, ტელესკოპი უკვე საფრანგეთის გვიანაში, გამშვებ ბაზა კორუშია და გასაშვებად ამზადებენ.

როდესაც ჯეიმს ვები უკვე კოსმოსში იქნება, წინ გველის ამაღელვებელ აღმოჩენათა გრძელი სერია: ტელესკოპი აღჭურვილია ინსტრუმენტებით, რომლებითაც ის უშორეს მანძილებზე და მრავალ სხვადასხვა ტალღის სიგრძეში დაინახავს, გამოავლენს ადრეული სამყაროს ისეთ ნიშნებს, რასაც მისი წინამორბედი, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი ვერ ხედავდა.

გვქონდეს იმედი, რომ 22 დეკემბერს ჯეიმს ვები დედამიწას ბოლოსდაბოლოს დატოვებს და სრულიად ახალ ფანჯარას გაგვიღებს უკიდეგანო სამყაროში.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.