ჯეიმს ვებმა აღმოაჩინა ძლიერ უცნაური ობიექტები, რომლებიც შეიძლება ე. წ. ბნელი ვარსკვლავები იყოს — #1tvმეცნიერება
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა შორეულ კოსმოსში სავარაუდოდ შენიშნა ჰიპოთეტური ობიექტის, სახელად „ბნელი ვარსკვლავის“ ამ დროისათვის საუკეთესო მტკიცებულება. დადასტურების შემთხვევაში, ამ აღმოჩენამ შეიძლება ფიზიკის რამდენიმე საიდუმლო ამოხსნას.
ბნელი ვარსკვლავი შეიძლება ოქსიმორნად ჟღერდეს, მაგრამ ის მაინც გამოყოფს სინათლესა და ენერგიას. ის არ უნდა მუშაობდეს ბირთვული სინთეზით, როგორც ჩვეულებრივი ვარსკვლავები; ამის ნაცვლად, ის უნდა მუშაობდეს ერთმანეთთან ურთიერთქმედი ბნელი მატერიის ნაწილაკებზე.
„სუპერმასიური ბნელი ვარსკვლავები უკიდურესად კაშკაშა, გიგანტური, მაგრამ მაინც გაბერილი ღრუბლებია; ძირითადად შედგება წყალბადისა და ჰელიუმისგან, რომლებსაც გრავიტაციული კოლაფსისგან იცავს მათში მცირე ოდენობით არსებული თვითგანადგურებადი ბნელი მატერია“, — ამბობს აშშ-ის კოლგეიტის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი კოსმინ ილაი.
ამჯერად, მკვლევრებმა იპოვეს ბნელი ვარსკვლავების საუკეთესო მტკიცებულება. აქამდე აღმოჩენილთა შორის ოთხი ყველაზე შორეული ობიექტის შესწავლისას, ჯგუფმა დაადგინა, რომ ყველა მათგანი შეესაბამება ბნელი ვარსკვლავის ახსნას.
თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მათგან ერთ ობიექტს აღენიშნებოდა სინათლის განსაკუთრებული შთანთქმის მახასიათებელი 1640 ანგსტრემის ტალღის სიგრძეზე. ეს ბნელი ვარსკვლავების მკაფიო ნიშნად მიიჩნევა, რომელიც წარმოიქმნება მათ ატმოსფეროში არსებული ერთჯერადად იონიზებული ჰელიუმისგან.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ მახასიათებლის სიგნალი-ხმაურის პროპორცია შედარებით დაბალია, პირველი შემთხვევაა, როცა ბნელი ვარსკვლავის მტკიცებულებას მივაგენით. ეს კი თავის მხრივ, ნამდვილად გამორჩეულია“, — ამბობს აილი.
ჯეიმს ვები 2021 წლის აპრილში ამუშავდა და მალევე დაიწყო ისეთ შორეულ სივრცე-დროში ყურება, სადაც ადამიანებს იქამდე ჯერ არ გაეხედათ; დააფიქსირა მოულოდნელი რამეებიც. დროის დასაბამის სიახლოვეს აღმოაჩინა ერთი შეხედვით უზარმაზარი გალაქტიკა, რომელსაც სამყაროს გაჩენის შემდეგ საკმარისი დრო არ უნდა ჰქონოდა, რომ ამხელა გაზრდილიყო.
ასტროფიზიკოსებმა სწრაფად გაუჩნდათ შესაძლო ახსნა — ბნელი ვარსკვლავები, რომლებიც მილიონობით მზის მასას უნდა შეიცავდნენ და შორიდან გალაქტიკასავით გამოიყურებოდნენ.
ახალ კვლევაში შეისწავლეს ოთხი ასეთი ობიექტის სპექტრი და მორფოლოგია. ერთი წერტილოვანი წყაროს შესაბამისი ჩანდა, დანარჩენი სამი კი ოდნავ დიფუზიური, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება იყოს ბნელი ვარსკვლავები, რომლებსაც გარს აკრავს იონიზებული წყალბადისა და ჰელიუმის ნისლეულები.
მეორე მხრივ, მკვლევრები აღიარებენ, რომ ოთხივე ობიექტი მაინც შეიძლება იყოს გალაქტიკა. თუმცა, ჩნდება კითხვები. მიუხედავად იმისა, რომ ჰიპოთეტურია, ბნელი ვარსკვლავები რამდენიმე საიდუმლოს მოჰფენდა ნათელს.
მათ შეუძლიათ ცნობები მოგვცენ არა მხოლოდ ბნელი მატერიის ბუნების შესახებ, არამედ თეორიულად, შეგვეძლება იმის ნახვაც, როგორ გადაიქცევიან სიკვდილის შემდეგ ისინი უზარმაზარი საწყისი მასის მქონე შავ ხვრელებად. სუპერმასიური შავი ხვრელები სამყაროს ისტორიის ძლიერ ადრეულ პერიოდშია აღმოჩენილი და აქვთ იმხელა მასები, რომ არსებულ თეორიებზე დაყრდნობით, ამხელა მასის შესაძენად საკმარისი დრო არ უნდა ჰქონოდათ. ბნელი ვარსკვლავები მათ ამაში დაეხმარებოდა.
ამ შორეულ გიგანტთა საბოლოო იდენტობის გასარკვევად მეტი კვლევაა საჭირო, მაგრამ რაც არ უნდა იყვნენ, ეჭვგარეშეა, რომ სრულიად შეცვლიან ჩვენს წარმოდგენას ფიზიკის შესახებ.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.