ჯეიმს ვებმა „საურონის თვალის“ ნისლეულში შეიხედა და ფოტოები გადაიღო — #1tvმეცნიერება
ახლა უკვე ვიცით, რა დაემართება მზეს და მის სისტემას, რადგან შეგვიძლია გალაქტიკაში შორს გახედვა და მზის მსგავსი, მაგრამ ხანდაზმული ვარსკვლავების პოვნა, რომლებიც ევოლუციის საბოლოო ფაზაში იმყოფებიან.
სამუდამოდ ვერაფერი ძლებს, ვერც ვარსკვლავის საწვავი. საბოლოოდ, ვარსკვლავებს წყალბადი უმთავრდებათ და მთავარი მიმდევრობის ფაზას ასრულებენ. მზის მასის მქონე ვარსდარჩერბა კვლავები ჯერ გასივდებიან და გაწითლდებიან, შემდეგ კი გარე ფენებს მოიცილებენ. სწორედ ამას ვხედავთ ზის მსგავსი, მაგრამ ბებერი ვარსკვლავების შემთხვევაში.
თუმცა, ყველაფერი ამით არ სრულდება.
ერთ დროს დიდებული ვარსკვლავი ახლა გაზებს ანათებს და აიონიზებს; ასე წარმოიქმნება ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი სანახაობა — პლანეტური ნისლეული.
ლოკოკინას ნისლეული მოყვარული ასტრონომებისა და ასტროფოტოგრაფების საყვარელი ობიექტია, რადგან გიგანტურ თვალს ჰგავს, თანაც იმდენად, რომ ზოგჯერ „საურონის თვალსაც“ უწოდებენ. ლოკოკინას ნისლეული დედამიწასთან ერთ-ერთი უახლოესი კაშკაშა პლანეტური ნისლეულია. მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 650 სინათლის წლის მანძილზე, მერწყულის თანავარსკვლავედის მიმართულებით.

მას კარგად ვიცნობთ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ფოტოებიდან, მაგრამ ახლა უკვე გვაქვს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც. მიუხედავად იმისა, რომ ჰაბლის ფოტოებს მუდამ ექნება საკუთარი ადგილი მეცნიერებაში, ჯეიმს ვებმა ლოკოკინას ნისლეულში კიდევ უფრო ღრმად შეიხედა.
მომაკვდავი ვარსკვლავისგან მომდინარე მძლავრი ვარსკვლავური ქარები და რადიაცია ვარსკვლავის მიერ გამოტყორცნილი გარე ფენების გაზს ურტყამს და შორს ფანტავს. თუმცა, გაზში არის უფრო მკვრივი კვანძები, რომლებიც ამ დარტყმას წინააღმდეგობას უწევენ.
ზოგჯერ მათ გლობულებს უწოდებენ, ხანაც კომეტურ კვანძებს, რადგან ისინი მართლაც ჰგვანან კომეტებს, რომლებიც კოსმოსში მოგზაურობისას მტვრისა და ორთქლის კვალს ტოვებენ. მათი დანახვა მხოლოდ უახლოეს პლანეტურ ნისლეულებში შეგვიძლია, მაგრამ ასტრონომები ფიქრობენ, რომ სამყაროში ისინი უხვადაა.

ლოკოკინას ნისლეულში დაახლოებით 40 000 კომეტური კვანძია. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ თითოეული მათგანი დაახლოებით მზის სისტემის ზომისაა, თუკი პლუტონის ორბიტამდე გავზომავთ.
რა თქმა უნდა, ეს სისტემები მზის სისტემის მსგავსად მკვრივი არაა. თითოეული კვანძის თავი კარგადაა განათებული და იონიზებული ნისლეულის ვარსკვლავის მიერ, კუდი კი ნაკლებად ენერგიული გაზისგან შედგენა და კვანძს უკან მიუყვება.

ასტრონომიული თვალსაზრისით, ლოკოკინას ნისლეულის მსგავსი პლანეტური ნისლეულები დიდხანს ვერ ძლებენ. ის დაახლოებით 10 000 – 12 000 წლისაა, რაც პლანეტური ნისლეულისთვის დიდი ასაკია. მისმა წინაპარმა ვარსკვლავმა გარე ფენების მოშორება დაახლოებით 15 000 – 20 000 წლის წინ დაიწყო.
მომდევნო 10 000, შეიძლება 20 000 წელიწადიც, ლოკოკინას ნისლეული გაფართოებას გააგრძელებს. მისი გაზი შეთხელდება და თეთრი ჯუჯას გაციების კვალდაკვალ, გაზებს სულ უფრო ნაკლები რადიაცია გაანათებს. ზრდასთან ერთად, ნისლეული ჩაბნელდება და გაფერმკრთალდება და არსებობას შეწყვეტს. წარმოქმნიდან დაახლოებით 50 000 წლის შემდეგ, ის სრულიად გაქრება და ვარსკვლავთშორისი სივრცის ნაწილი გახდება.
ასეთია ჩვენი მზის ბედიც. როდესაც მთავარი მიმდევრობის ფაზის დასასრულს მიუახლოვდება, ის წითელ გიგანტად გაფართოვდება. ერთ დროს ყვითელი მზე მბზინავ წითლად გადაიქცევა და გრავიტაციის მეშვეობით ვეღარ შეინარჩუნებს გარე გაზოვან ფენებს.
ისინი კოსმოსში გაიფანტება და დიდხანს იკაშკაშებს მზის ნარჩენის — თეთრი ჯუჯას სინათლით. თეთრი ჯუჯა ისაა, რაც მზისგან დარჩება და მილიარდობით წლის განმავლობაში გამოასხივებს ნარჩენ სითბოს.
ნისლეული და მისი ფერები წარმოადგენს მომაკვდავი ვარსკვლავის უკანასკნელ ამოსუნთქვას, რომელიც ვარსკვლავის მასალას კოსმოსში ავრცელებს. შემდეგში ეს მასალა შეიძლება მონაწილეობდეს სხვა, ახალი ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესში.
ვინ იცის, იქნებ ამ მასალის რაღაც ნაწილი მომავალში პლანეტის ან პლანეტების ნაწილი გახდეს. იქნებ რაღაც ნაწილი ქვა გახდეს, რაღაც კი თხევადი წყალი. იქნებ ამ წყლის ნაწილი ახალი პლანეტის ზედაპირზე თბილ გუბურაში ჩადგეს…
მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.