ასტრონომებმა დეტალურად შეისწავლეს მზის სისტემაში არსებული კომეტა-ასტეროიდის უცნაური ჰიბრიდი — #1tvმეცნიერება
ასტრონომებმა დეტალურად შეისწავლეს მზის სისტემაში არსებული კომეტა-ასტეროიდის უცნაური ჰიბრიდი — #1tvმეცნიერება

შორეულ კოსმოსში, იუპიტერის ორბიტის გადაღმა, ერთი უცნაური ობიექტი იმალება.

მისი სახელია ქირონი და მიეკუთვნება მზის სისტემის ობიექტთა ტიპს, რომელსაც კენტავრს უწოდებენ. თუმცა, ქირონი თავის თანამოძმე კენტავრებს შორისაც კი გამორჩეულია. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ ჩატარებული ახალი დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ქირონი მართლაც ისეთი სხეულია, რომლის მსგავსიც ჯერ არ გვინახავს.

„სხვა კენტავრებისგან ძლიერ გამოირჩევა. აქვს პერიოდი, როცა კომეტასავით იქცევა, გარშემო აქვს მატერიის რგოლები და სავარაუდოდ, მის გარშემო მოძრაობს კლდოვანი მასალების ნაშალის ან მტვრის ველიც. შესაბამისად, ჩნდება ბევრი კითხვა ქირონის იმ მახასიათებელთა შესახებ, რომლებიც მას ასეთი უნიკალური ქცევის საშუალებას აძლევს“, — ამბობს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჩარლს შამბო.

მზის სისტემა სავსეა წარმოქმნის დროინდელი, 4,5 მილიარდი წლის წინანდელი კლდოვანი და ყინულოვანი ნარჩენებით. კენტავრები ძირითადად იუპიტერსა და ნეპტუნს შორისაა თავმოყრილი, მათი ორბიტები სულ მცირე ერთ-ერთი ამ გიგანტი პლანეტის ორბიტას კვეთს და ძლიერ საინტერესო ობიექტები არიან.

მაგალითად, ქირონს აქვს ასტეროიდის მსგავსი თვისებები, მაგრამ ხანდახან კომეტის მსგავსი აქტივობაც ახასიათებს. და კიდევ, გარშემო აქვს მინიატურული პლანეტური რგოლიც.

ვინაიდან მიჩნეულია, რომ ქირონი მზის სისტემის წარმოქმნის ერთგვარი დროის კაფსულაა, მეცნიერებს მისი უკეთესად შესწავლა სურთ, რასაც სიშორე ართულებს.

ესპანეთის ოვიედოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა, პლანეტურ მეცნიერ ნოემი პინილია-ალონსოს ხელმძღვანელობით, ჯეიმს ვების უმძლავრესი თვალი მიმართეს, რათა ენახათ, შეძლებდა თუ არა ეს ტელესკოპი მის ისეთ დეტალებზე დაკვირვებას, რაც სხვა მხრივ შეუძლებელია.

„მზის სისტემის ყველა მცირე სხეული წარსულზე გვიყვება, დროის იმ პერიოდზე, რომელზე დაკვირვებაც არ შეგვიძლია. თუმცა, აქტიური კენტავრები გაცილებით მეტს გვიყვებიან. განიცდიან ტრანსფორმაციას მზის სითბოს მიერ და გვთავაზობენ უნიკალურ შესაძლებლობას, რათა შევისწავლოთ ზედაპირი და ზედაპირქვეშა შრეები“, — ამბობს პინილია-ალონსო.

ქირონიდან ხანდახან გაზი და მტვერი ამოიტყორცნება, ზუსტად ისე, როგორც კომეტიდან. მკვლევრებმა სცადეს, ჯეიმს ვებით დაედგინათ, რისგან შედგებოდა ეს გაზი და მტვერი — არა მხოლოდ ამ კენტავრის გარშემო მიმდებარე სივრცეში (ე. წ. კომა), არამედ მის წიაღშიც.

„ქირონის შემთხვევაში უნიკალურია ის, რომ შეგვიძლია დავაკვირდეთ როგორც ზედაპირს, სადაც თავს იყრის ყინულის უმეტესობა, ისე კომას, სადაც ვხედავთ გაზებს, რომლებიც ზედაპირიდან ან მის ქვეშიდან მოდის“, — აღნიშნავს პინილია-ალონსო.

მისი განცხადებით, თუ დადგინდება, რომელი გაზებია წარმოდგენილი კომაში და როგორი კავშირი აქვთ მათ ზედაპირის ყინულთან, დაგვეხმარება ფიზიკურ და ქიმიურ მახასიათებელთა შესწავლაში, მაგალითად, რა სისქისაა და რამდენად ფორიანია ყინულის შრე, როგორია მისი შემადგენლობა, როგორ მოქმედებს მასზე რადიაცია.

დაკვირვებები ჩაატარეს ახლო-ინფრაწითელ დიაპაზონში და შემდეგ სპექტრი დაშალეს, რათა ენახათ შთანთქმისა და გამოყოფის ის ხაზები, რომლებიც კონკრეტული ატომებისა და მოლეკულების მიერ კონკრეტულ ტალღის სიგრძეებში სინათლის შთანთქმისა და ხელახლა გამოყოფის შედეგია.

წარსულში ჩატარებულმა ასეთივე კვლევებმა გამოავლინა ციანიდისა და ნახშირბადის მონოოქსიდის არსებობა.

პინილია-ალონსომ და მისმა კოლეგებმა მიაგნეს ნახშირბადის დიოქსიდს (ნახშირორჟანგი), ნახშირბადის მონოოქსიდს (ნახშირჟანგი), ეთანს, პროპანს, აცეტილებს, მეთანსა და წყლის ყინულს. მკვლევართა განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია მეთანის აღმოჩენა, რადგან როგორც შედეგები მიუთითებს, ობიექტის კომა სავსეა ამ აირით.

მეცნიერთა აზრით, კენტავრები ერთ დროს მზის სისტემის უფრო შორეული ყინულოვანი ქვების პოპულაციის რიგებს მიეკუთვნებოდნენ — ნეპტუნსგადაღმა ობიექტებს, რომლებიც მზის გარშემო ნეპტუნის ორბიტის გადაღმა მოძრაობენ.

ვინაიდან მზისგან ასე შორს არიან, მიჩნეულია, რომ ნეპტუნსგადაღმა ობიექტები წარმოადგენენ მზის სისტემის ფორმაციის შედარებით ხელუხლებელ ნარჩენებს, რომლებიც ინახავენ მტვრის იმ ღრუბლის ადრეულ შემადგენლობას, რომლისგანაც მზის სისტემა დაიბადა.

როდესაც მზესთან უფრო ახლოს მოდიან, კენტავრების ყინული სუბლიმირდება და მატერიის გარკვეულ ნაწილს გამოყოფს. მკვლევართა აზრით, მეთანი, ნახშირორჟანგი და წყლის ყინული, რომელსაც ისინი ქირონზე დააკვირდნენ, ის ხელუხლებელი მასალები უნდა იყოს, რომლებიც მათ მზის სისტემის დაბადებისას გადაეცათ.

სხვა ნაერთები, მათ შორის, ეთანი, პროპანი და აცეტილენი, შეიძლება კენტავრის ზედაპირზე წარმოიქმნა დაჟანგვის შედეგად.

„ჯეიმს ვების მონაცემებზე დაყრდნობით, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ წინაშე სტანდარტული კენტავრია. ყოველი აქტიური კენტავრი, რომელსაც ჯეიმს ვებით ვაკვირდებით, გარკვეულ უცნაურობას ავლენს. მაგრამ ისინი გამორჩეულები არ არიან. უნდა არსებობდეს რაღაც, რაც ახსნის, რატომ იქცევიან ისინი სხვადასხვაგვარად ან რა არის მათ შორის ის რაღაც საერთო, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ“, — ამბობს პინილია-ალონსო.

ქირონი ამჟამად ჩვენკენ უფრო ახლოს მოდის და მკვლევრები დაკვირვებათა გაგრძელებას გეგმავენ, რათა მის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ.

კვლევა Astronomy & Astrophysics-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ucf.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.