არქტიკულმა მელამ ნორვეგიიდან კანადაში ჩასასვლელად 4350 კმ გაიარა
არქტიკულმა მელამ ნორვეგიიდან კანადაში ჩასასვლელად 4350 კმ გაიარა

თავდაპირველად, მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ საქმე შეცდომასთან ჰქონდათ.

ნორვეგიის შპიცბერგენის კუნძულებზე დატოვებიდან 21 დღის შემდეგ, არქტიკული მელა გრენლანდიაში ჩავიდა. სამ თვეზე ნაკლებ პერიოდში კი მან კანადას მიაღწია. ზოგიერთ დღეებში მელა 50 კილომეტრს გადიოდა, ზოგჯერ კი 100 კმ-ს.

„თავიდან ეჭვი შეგვეპარა, გვეგონა, რომ მონაცემებში შეცდომა იყო“, — აღნიშნავს მკვლევარი არნო ტარუ, რომელიც სხვა მკვლევრებთან ერთად ადევნებდა თვალს მდედრი მელის გადაადგილებას.

თუმცა, მონაცემები სწორი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ არქტიკული მელა ცნობილია პოლარული ზონების მკაცრი გარემოს ამტანობით, მეცნიერები მისმა წარმოუდგენლად დიდმა მარშრუტმა მაინც გააოცა.

მკვლევართათვის აქამდეც ცნობილი იყო, რომ არქტიკული ზონების ბინადარი ეს მელა საკმაოდ დიდ მანძილებზე გადაადგილდება. ამაზე მიუთითებს მისი დნმ-ის გაცვლა მელების ისეთ პოპულაციებთან, რომლებთანაც ისინი მხოლოდ ზღვის ყინულით არიან დაკავშირებული.

თუმცა, მელამ, რომელსაც მეცნიერები აკვირდებოდნენ, ნათლად აჩვენა, როგორ სწრაფად გაიარა მან 4350 კილომეტრი.

კვლევის ობიექტი მელა ძირითადად სანაპირო ზონებში ბინადრობს და მას ლურჯ მელასაც უწოდებენ. კანადის კუნძულ ელსმირს მან 2018 წლის 1 ივლისს მიაღწია. მკვლევრებმა სპეციალური GPS ტრეკერი სულ 50-60 ცხოველს დაუყენეს, მაგრამ ეს მელა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ნორვეგიის ფარგლები დატოვა.

მკვლევართა აზრით, მელამ კუნძული საკვების ნაკლებობის გამო დატოვა, მაგრამ ამ მოსაზრებაში ბოლომდე დარწმუნებული არ არიან. ტრეკერმა მუშაობა 2019 წლის თებერვალში შეწყვიტა და შესაბამისად, მეცნიერებმა მელის ადგილსამყოფელი უკვე აღარ იციან. ბოლოს ის კანადის ნუნავუტის პროვინციის კუნძულ ელსმირზე დაფიქსირდა.

მეცნიერთათვის ცნობილია, რომ მსგავსი მანძილი ადრე ერთმა სხვა არქტიკულმა მელამაც გაიარა, მაგრამ ბევრად დიდ პერიოდში — ამისათვის მას დაახლოებით ნახევარი წელიწადი დასჭირდა.

მკვლევართა განცხადებით, ვრცელი მანძილების დაფარვა სულ უფრო ჩვეულებრივი თვისება ხდება არქტიკული მელების სხვა ტიპებშიც.

არქტიკული მელების მოგზაურობის ამბავი ადამიანებს ყოველთვის საგონებელში აგდებდა. 1885 წელს, ნორვეგიელი მკვლევარი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფრიტიოფ ნანსენი საკმაოდ გაოცებული დარჩა, როცა ჩრდილოეთ პოლუსთან ექსპედიციისას მან არქტიკული მელების ახალი ნაკვალევი ნახა.

მელის ტრეკერის მიერ ყოველდღიურად გამოგზავნილი მონაცემებით გაოცებულმა ნორვეგიელმა მკვლევრებმა თავიდან ისიც კი იფიქრეს, ტრეკერი რომელიმე გემზე მყოფმა ვიღაცამ აიღო.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მელის მოძრაობა ზღვის ყინულის მონაცემებს შეადარეს, მიხვდნენ, რომ მონაცემები ნამდვილად მოსიარულე მელისგან მოდიოდა.

მართალია, უპრეცედენტო არ არის, მაგრამ ვრცელი მანძილების დაფარვა არქტიკულ მელებში იშვიათია. როგორც ტარუ აღნიშნავს, მრავალი წლის განმავლობაში, ასეთმა შემთხვევითმა, გრძელმა მოგზაურობებმა მრავალ ცხოველში გენეტიკური გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია, რის გამოც, შორეული ჩრდილოეთის თითქმის ყველა მელა საოცრად ჰგავს ერთმანეთს.

ასეთი მოგზაურობებისთვის გადამწყვეტია ზღვის ყინული. მეცნიერთა განცხადებით, იმის გამო, რომ კლიმატის ცვლილებასთან ერთად ეს ყინულიც დნება, არქტიკული მელა თანდათან მხოლოდ ისლანდიაში რჩება იზოლირებული.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.