„არა ჰესებს“, „სოლიდარობა პანკისს“, - პანკისში მიმდინარე მოვლენები ბათუმში გააპროტესტეს
„არა ჰესებს“, „სოლიდარობა პანკისს“, „სისტემა მოძალადეა“, – პანკისში მიმდინარე მოვლენები ბათუმში გააპროტესტეს. სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე გაიმართა.
„ის, რაც პანკისში მოხდა მიუღებელია. ძალადობრივი გზით, მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, საქართველოში არ უნდა შენდებოდეს ჰესები. არც ის არის მისაღები, რომ პოლიციელებზე განხორციელდა ძალადობა”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე როინ მალაყმაძემ.
აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.
„ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა და სპეცრაზმი ერთმანეთს დააპირისპირა. არ გამოიყენეს შესაძლებლობა, რომელიც თავიდან აიცილებდა ამ დაპირისპირებას“, – განაცხადა ასლან ჭანიძემ.
პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.
პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.