ბათუმში უკრაინის მოქალაქეებმა საკუთარი ქვეყნის სოლიდარობის აქცია გამართეს
ბათუმში უკრაინის მოქალაქეებმა საკუთარი ქვეყნის სოლიდარობის აქცია გამართეს

ბათუმში უკრაინის მოქალაქეებმა საკუთარი ქვეყნის სოლიდარობის აქცია გამართეს. „სლავა უკრაინე“, „საქართველოს გაუმარჯოს“ – ისმოდა აქციის მონაწილეთა მხრიდან.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ისინი უერთდებიან სოლიდარობის აქციებს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

„სოლიდარობის აქციები გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გუშინ. რა თქმა უნდა, ბათუმიც მათ გვერდით დგას, უბრალოდ ჩვენ ეს აქცია გადმოვიტანეთ დღეისთვის იმ ტრაგედიის გამო, რომელიც თბილისში დატრიალდა. სამძიმარს ვუცხადებთ მთელ საქართველოს. დღეს კიდევ ერთხელ გვინდა. ვთქვათ, რომ რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი კლავს და ჩვენ ამ აქციებს გავაგრძელებთ პერიოდულად. ასევე ჩვენვე შევაგროვეთ 5000 დოლარი ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ტანსაცმელი და გავუგზავნით მათ“, – ამბობს აქციის ორგანიზატორი ლენურა მელგაზიევა.

აქცია ცენტრალური პარკის კოლონადებთან გაიმართა. ისმოდა უკრაინის ჰიმნი. აქციის მონაწილეებმა გამოფინეს დიდი ზომის უკრაინის დროშა. აქციაზე იყო საქართველოს დროშებიც.