ნიკა მელია - ყველაფერს იმიტომ ვწელავთ დროში, რომ მთელი მსოფლიოს თვალში გვინდა, ვჩანდეთ ისეთები, როგორებიც ვართ და არ ჩათვალონ, რომ ოპოზიციაც ველურია, ამის შემდეგ მოქმედებას ალტერნატივა არ ექნება
ნიკა მელია - ყველაფერს იმიტომ ვწელავთ დროში, რომ მთელი მსოფლიოს თვალში გვინდა, ვჩანდეთ ისეთები, როგორებიც ვართ და არ ჩათვალონ, რომ ოპოზიციაც ველურია, ამის შემდეგ მოქმედებას ალტერნატივა არ ექნება

ნიკა მელია – ყველაფერს იმიტომ ვწელავთ დროში, რომ მთელი მსოფლიოს თვალში გვინდა, ვჩანდეთ ისეთები, როგორებიც ვართ და არ ჩათვალონ, რომ ოპოზიციაც ველურია, ამის შემდეგ მოქმედებას ალტერნატივა არ ექნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მთელმა საქართველომ უნდა იბრძოლოს მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად. ნიკა მელიას განცხადებით, გამარჯვება გარდაუვალია.

„ჩვენ არ გვიწერია საკნებში დიდი ხანი ჯდომა. ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც ეს თავისუფლება შეზღუდული აქვთ, იქიდან გავათავისუფლებთ. ვინც ახლა გვებრძვის, საშინელებებს კადრულობდნენ, ფული ფულად, დაშინება დაშინებად, ძალადობა ძალადობად, მოსყიდვა მოსყიდვად, მუქარა მუქარად, ამ ყველაფრის მიუხედავად, ვერ მოიგეს არჩევნები. გაყალბებაც იმდენად გაუჭირდათ, რომ ბათუმში ერთპროცენტიანი სხვაობის დაწერაზე მეტი ვერ შეძლეს. ამიტომ, არ ჩათვალოთ მუქარად ბიძინა ივანიშვილო. ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა, რომ ჩვენ შეიძლება, თქვენთან ძალიან მჭიდრო დაპირისპირებაშიც კი შემოვიდეთ საჭიროების შემთხვევაში. თქვენ ხართ დიქტატორი, ადამიანი, რომელიც აბუჩად გვიგდებთ, მაგრამ ამას ვეღარ გააგრძელებთ. არ მიყვარს თარიღების დაკიდება, არ ჟღერს ეს სერიოზულად, სიურპრიზებსაც მოგიმზადებთ, რომელიც გაგაკვირვებთ და გაახარებს ამ ქვეყნის ბევრ ქომაგს.

გამარჯვება არის გარდაუვალი. ერთმანეთს შევძახოთ და ვთქვათ, რომ უკან დახევა არ იქნება, ეს არის შეუძლებელი. რაც ბათუმში იკადრეს, ქუთაისში, თბილისსა და რუსთავში იკადრეს, მაშინ სად არის ის ქართული სიამაყე და ქართული ბრძოლისუნარიანობის სულისკვეთება. ჩვენ რატომ ვწელავთ დროში ამ ყველაფერს, იცით? რადგან მთელი მსოფლიოს თვალში გვინდა, ვჩანდეთ ისეთები, როგორებიც ვართ და არ ჩათვალონ, რომ ოპოზიციაც კი ველურია. ყველა პროცედურა გვინდა, ამოვწუროთ და ამის შემდეგ, ყველა ჩვენს მეგობარს ვუთხრათ, რას მირჩევ. ეს მინდა, მოხდეს და ამის შემდეგ, მოქმედებას ალტერნატივა არ ექნება. მოქმედება, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, მოვიკრიბოთ ძალები, ჩემი თხოვნაა მოთმინება. ვისაც დაუოკებელი სურვილი გაქვთ, იდგეთ რუსთავის ციხესთან, არავის გეზღუდებათ იქ ჩასვლა. მთელი აღმოსავლეთ საქართველო რუსთავშია და იქნება ამ დღეებშიც. მთელმა საქართველომ უნდა იბრძოლოს მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი