ბათუმში ბელარუსის მოქალაქეებმა აქცია გამართეს
ბათუმში ბელარუსის მოქალაქეებმა აქცია გამართეს

ბათუმში ბელარუსის მოქალაქეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გააპროტესტეს.

„საქართველო ბელარუსებისთვის უსაფრთხოა“, „არანაირი მოლაპარაკება დიქტატორთან“ – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოში რეჟიმს თავშესაფრისთვის გამოექცნენ, ახალი ხელშეკრულება კი ნებისმიერი მათგანის ექსტრადიციის საშუალებას იძლევა, რაც მათ საფრთხეს უქმნის.

ბელარუსებს არ გვაქვს დიდი არჩევანი, სად წავიდეთ. საქართველო ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც ვიზების გარეშე და პირდაპირი ავიარეისით ჩამოვედით, უფრო სწორად, გამოვიქეცით. ეს ხელშეკრულება კი საშუალებას იძლევა, ჩვენი ექსტრადაცია მოხდეს, რაც ჩვენ სიცოცხლისთვის უბრალოდ საშიშია. ჩვენს ქვეყანაში კანონი არ მოქმედებს, ამიტომ ნებისმიერი, თუნდაც ფორმალური ხელშეკრულება ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები ბელარუსთან გაფორმებული შეთანხმების გაუქმებას ითხოვენ.

ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბელარუსთან გაფორმებულ შეთანხმებაზე განცხადება გაავრცელა. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2016 წელს გაფორმდა. სუს-ის ცნობით, სახელმწიფო თავისი ინტერესების შესაბამისად ნებაყოფლობით ცვლის ინფორმაციას დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. შესაბამისად, როგორც უწყებაში განმარტავენ, ეს ხელშეკრულება არ ავალდებულებს მხარეებს განახორციელონ ქმედება, რაც ეწინააღმდეგება მხარეთა სახელმწიფო ინტერესებს.