აღმოჩენილია ადამიანის უძველესი ნაფეხური მსოფლიოში — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ადამიანის უძველესი ნაფეხური მსოფლიოში — #1tvმეცნიერება

დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც ახალი ათასწლეული დაიწყო, ჩვენი უძველესი წინაპრების მიერ 50 000 წელიწადზე მეტი ხნის წინ დატოვებული ნაფეხურების აღმოჩენა დიდი იშვიათობა იყო.

იმ დროისათვის, მთელ აფრიკაში მხოლოდ ოთხი ასეთი ძეგლი იყო ცნობილი. ორი მათგანი აღმოსავლეთ აფრიკაში მდებარეობდა: ლაეტოლი ტანზანიაში და კოობი-ფორა კენიაში; ორიც სამხრეთ აფრიკაში: ნაჰოონი და ლანგებაანი. ნაჰოონი 1966 წელს აღმოაჩინეს და პირველი ძეგლი იყო, რომელზეც ჰომინინის ნაფეხურებს მიაგნეს.

2023 წელს სიტუაცია ძლიერ განსხვავებულია. როგორც ჩანს, მეცნიერები საკმარისად არ ეძებდნენ ან კვლევებს შესაბამის ადგილებზე არ აწარმოებდნენ. დღეისათვის, აფრიკაში 50 000 წელიწადზე ძველი, დათარიღებული ჰომინინების იქნოძეგლების რაოდენობა 14-ს აღწევს.

ისინი მოხერხებულად შეიძლება დაიყოს აღმოსავლეთაფრიკულ კლასტერად (ხუთი ძეგლი) და სამხრეთაფრიკულ კლასტერად (ცხრა ძეგლი კეიპის სანაპიროზე). დანარჩენ მსოფლიოში აღმოჩენილია კიდევ 10 ძეგლი, მათ შორის, გაერთიანებულ სამეფოსა და არაბეთის ნახევარკუნძულზე.

სამხრეთ აფრიკაში, კეიპის სანაპირო ზოლის ძეგლებზე, ჩვენი ჰომინინი წინაპრების ძვლების ნარჩენები მწირად არის აღმოჩენილი, მაგრამ უძველეს ლანდშაფტში მათი გადაადგილებისას დატოვებული ნაკვალევი საკმაოდ ხელსაყრელი გზაა უძველეს აფრიკაში ჰომინინების შესახებ ჩვენი ცოდნის გასაღრმავებლად.

ახალ კვლევაში, ლესტერის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა, სამხრეთ აფრიკის კეიპის სანაპიროზე გასული ხუთი წლის განმავლობაში გამოვლენილი ჰომინინების შვიდი ძეგლის ასაკი განსაზღვრა. ეს ძეგლები ამჟამად სამხრეთ აფრიკის კლასტერის ცხრა ძეგლს მიეკუთვნება.

აღმოჩნდა, რომ ამ ძეგლების ასაკი მრავალფეროვანია; ყველაზე ახალი დაახლოებით 71 000 წლის წინანდელია.

ყველაზე ძველი 153 000 წლისაა და ამ კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა; ის ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის მიერ დატოვებული ყველაზე ძველი ნაფეხურია.

ახალი თარიღები ადასტურებს არქეოლოგიურ ჩანაწერს. ამ ზონაში იმ პერიოდის სხვა მტკიცებულებთან ერთად, მათ შორის არის ქვის დახვეწილი ხელსაწყოების, ნახატების, ძვირფასეულობის შექმნა და მოლუსკების შეგროვება — ადასტურებს, რომ კეიპის სანაპირო ის რეგიონია, სადაც ადრეული, ანატომიურად თანამედროვე ადამიანები გადარჩნენ,განვითარდნენ და აღორძინდნენ, ვიდრე აფრიკიდან სხვა კონტინენტებზე გავრცელდებოდნენ.

აღმოსავლეთ აფრიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაფეხურების ძეგლებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. აღმოსავლეთაფრიკული ძეგლები გაცილებით ძველია: მათ შორის უძველესი, ლაეტოლი 3,66 მილიონი წლისაა, ყველაზე ახალი კი 0,7 მილიონი წლის.

ნაფეხურები არა ჰომო საპიენსს, არამედ უფრო ადრეულ სახეობებს, მაგალითად, ავსტრალოპიტეცინს, ჰაიდელბერგელ ადამიანსა და ჰომო ერექტუს ეკუთვნის. უმეტეს ნაწილში, ზედაპირები, სადაც აღმოსავლეთაფრიკული ნაფეხურებია დატოვებული, ძლიერ შრომატევადი და ზედმიწევნით შესრულებული გათხრების შედეგად გამოვლინდა.

მეორე მხრივ, კეიპის სანაპიროს სამხრეთაფრიკული ძეგლები გაცილებით ახალია. ყველა მათგანი ჰომო საპიენსთან არის დაკავშირებული. აღმოჩენისას, ნაფეხურები სრულად მოშიშვლებული იყო, ქანებში, რომლებსაც ეოლიანიტებს უწოდებენ და რომლებიც, უძველესი დიუნების ჩაცემენტებული ვერსიებია.

შესაბამისად, დიუნების ქვიშის შედარებით უხეში ბუნებიდან გამომდინარე, ისინი ყოველთვის ისე კარგად არაა შემონახული, როგორც აღმოსავლეთაფრიკული.

ამას გარდა, ისინი მოწყვლადია ეროზიისადმი და შესაბამისად, ხშირად სწრაფად მუშაობაა საჭირო, რათა მათი ანალიზი იქამდე მოესწროს, ვიდრე ოკეანე ან ქარი გაანადგურებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დეტალური ინტერპრეტაციის პოტენციალს ზღუდავს, შეგვიძლია დანალექების დათარიღება. სწორედ აქ ერთვება საქმეში ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენცია.

პალეოჩანაწერების — ნაკვალევის, ნამარხების ან სხვა ნებისმიერი სახის უძველესი დანალექების შესწავლის მთავარი სირთულეა მისი ასაკის განსაზღვრა.

ამის გარეშე, რთულია როგორც აღმოჩენის ფართო მნიშვნელობის შეფასება, ისე იმ კლიმატური ცვლილების ინტერპრეტირება, რომელმაც გეოლოგიური ჩანაწერი წარმოქმნა. კეიპის სამხრეთ სანაპიროს ეოლიანიტების შემთხვევაში, დათარიღების მეთოდი ხშირად არის ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენცია.

დათარიღების ეს მეთოდი აჩვენებს, რამდენი ხნის წინ ხვდებოდა ქვიშის მარცვალს მზის სინათლე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენი ხნის წინ ჩაიმარხა დანალექების ეს მონაკვეთი.

სამხრეთ კეიპის სანაპირო დიდებული ადგილია ოპტიკურად სტიმულირებული ლუმინესცენციის გამოსაყენებლად.

პირველ რიგში იმიტომ, რომ დანალექები მდიდარია კვარცის მარცვლებით, რომლებიც ბევრ ნათებას (ლუმინესცენცია) წარმოქმნიან.

მეორე, იმიტომ, რომ უხვ მზის სინათლეს, განიერ პლაჟებსა და მუდმივ ქარს ქვიშა გადააქვს და სანაპირო დიუნებს წარმოქმნის, რის გამოც, იქამდე არსებული ნებისმიერი ლუმინესცენციის სიგნალი სრულად წაშლილია ჩამარხვის მოვლენამდე, რაც საიმედო დათარიღების საწინდარია. ამ მეთოდით არის დათარიღებული ამ ზონაში იქამდე გაკეთებული მრავალი სხვა აღმოჩენა.

ახლად აღმოჩენილი ჰომინინების იქნოძეგლების დათარიღების ზოგადი დიაპაზონი — დაახლოებით 153 000 – 71 000 წელი, შესაბამისობაშია ამ რეგიონის ასეთივე გეოლოგიური დეპოზიტების წინა კვლევებთან.

153 000 წლის ნაფეხური გარდენ-რუტის ეროვნულ პარკში აღმოაჩინეს, სანაპირო ქალაქ კნისნას დასავლეთით. ორი აქამდე დათარიღებული სამხრეთაფრიკული ძეგლი, ნაჰოონი და ლანგებაანი დაახლოებით 124 000 და 117 000 წლის წინანდელია.

მკვლევართა ვარაუდით, კეიპის სამხრეთ სანაპიროზე ჯერ კიდევ აღმოსაჩენია ჰომინინების მრავალი ასეთი ძეგლი. კვლევებმა ასევე უნდა მოიცვას რეგიონის უფრო ძველი დანალექები, რომელთა ასაკიც 400 000-დან ორ მილიონ წლამდე მერყეობს.

კვლევა Ichnos-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.