20 000 წლის წინანდელ ყელსაბამში ქალის დნმ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
20 000 წლის წინანდელ ყელსაბამში ქალის დნმ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ირმის კბილისგან დამზადებული გულსაკიდი გენეტიკური ინფორმაციის საგანძური აღმოჩნდა, რომელიც დაახლოებით 20 000 წლის წინ ციმბირში მცხოვრებმა ქალმა დატოვა.

გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის ევოლუციურმა ანთროპოლოგებმა მიაგნეს გზას, როგორ შეისწავლონ უძველეს არტეფაქტებში ე. წ. გარემოს დნმ ისე, რომ ეს არტეფაქტები არ დააზიანონ. ამ მეთოდით მათ 2019 წელს სახელგანთქმულ დენოსოვას მღვიმეში აღმოჩენილი სამკაულები შეისწავლეს.

ქრომოსომების ფრაგმენტების გარდა, თავად ქალის სხვა კვალს ვერ მიაგნეს. მისი ოფლისა და კანის უჯრედების მიერ შეწოვილი გენები ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ეს ქალი პალეოლითის ხანაში ჩრდილოეთ ევრაზიაში მცხოვრებ ჯგუფს მიეკუთვნებოდა.

საოცარი აღმოჩენა აჩენს მოსაზრებას, რომ კბილებისა და ძვლებისგან დამზადებული სხვა პრეისტორიული არტეფაქტებიც შეიძლება იყოს უძველესი გენეტიკური მასალების წყარო. მათში შეიძლება საკმაოდ კარგად იყოს დაცული ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ იყენებდნენ და ატარებდნენ ჩვენი წინაპრები ობიექტებს ძლიერ შორეულ წარსულში.

„ჩვენი კვლევა ხელახლა ადგენს, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ კულტურული და გენეტიკური ჩანაწერები პრეისტორიულ არქეოლოგიასთან“, — წერენ მკვლევრები.

პრაქტიკულად ყველა ცოცხალი არსება ტოვებს დნმ-ის სუსტ კვალს თავის გარემოში, რადგან მათ მუდმივად სცვივათ უჯრედები. ბოლო წლებში, მეცნიერებმა წარმოუდგენლად დახვეწეს გარემოში დატოვებული ასეთი დნმ-ის ნარჩენების აღმოჩენის მეთოდები, როგორც ჰაერში, ისე მიწაში.

გენეტიკური მასალის მხოლოდ მცირე კვალის საფუძველზე, ექსპერტებს შეუძლიათ დააფიქსირონ გადაშენების პირას მყოფი სახეობები, რომელთა აღმოჩენაც შეუძლებელი იქნებოდა ტრადიციული მეთოდებით.

ასევე შესაძლებელია ისეთ სახეობათა ნიშნების აღმოჩენა, რომლებმაც დიდი ხნის წინ შეიცვალეს გავრცელების არეალი ან საერთოდაც გადაშენდნენ. 2022 წლის დეკემბერში, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, გარემოებითი დნმ-ის საფუძველზე წარმატებით გაშიფრა ამ დროისათვის ჩვენთვის ცნობილი უძველესი, 2 მილიონი წლის წინანდელი გენეტიკური მასალა.

დნმ-ის მოპოვების უახლესი ინოვაცია ქიმიურ ნივთიერებათა სპეციალურ შერევას იყენებს, რათა შეაღწიოს ფოროვან არტეფაქტებში, მაგალითად, კბილის ან ძვლისგან დამზადებულში და გამოიტანოს იქ დამალული დნმ-ის ფრაგმენტები.

დენისოვას მღვიმე

„შეიძლება ითქვას, რომ უძველეს არტეფაქტთა სარეცხი მანქანა შევქმენით. არტეფაქტების 90°C ტემპერატურაზე გარეცხვით, შეგვიძლია ნარეცხი წყლიდან ამოვიღოთ დნმ, ისე, რომ თავად არტეფაქტი არ დაზიანდეს და ხელუხლებელი დარჩეს“, — ამბობს მაქს პლანკის ინსტიტუტის ევოლუციური ანთროპოლოგი ელენა ესელი.

წლობით ტესტირების შემდეგ, „სარეცხი მანქანის“ მეთოდი ციმბირის მღვიმეში აღმოჩენილ ირმის კბილის გულსაკიდზე გამოიყენეს.

„გულსაკიდში გასაოცარი ოდენობის ადამიანის დნმ-აღმოვაჩინეთ. თითქმის იმდენი, რამდენსაც ადამიანის კბილიდან ავიღებდით“, — ამბობს ესელი.

ადამიანის ამ დნმ-ში არსებულ X ქრომოსომათა რაოდენობა მიუთითებს, რომ ის ქალი უნდა ყოფილიყო. თანამედროვე ადამიანთა ნიმუშებთან შედარების შემდეგ დადგინდა, რომ დნმ-ის მიმდევრობა ყველაზე მეტად ემთხვევა ციმბირის უკიდურეს აღმოსავლეთში დაახლოებით 17 000 – 24 000 წლის წინ ბინადარი ორი პოპულაციისას. დღევანდელი მოსახლეობიდან, გენეტიკური მასალა ყველაზე მეტად ადგილობრივი ამერიკელებისას (ინდიელები) ემთხვევა.

თეორიულად, თუ გულსაკიდს ეს ქალი ატარებდა, ამ ნივთს დროთა განმავლობაში უნდა შეეწოვა მისი კანის უჯრედები, ოფლი, სისხლი ან ნერწყვი, რის შედეგადაც, გულსაკიდში მისი დნმ ისე ჩაიბუდებდა, ის ამას ვერც ვერასოდეს გაიგებდა.

„სასამართლო ექსპერტიზის მეცნიერთათვის სულაც არაა უცხო, რომ ადამიანის დნმ-ის მოპოვება შესაძლებელია ნივთიდან, რომელსაც ის დიდხანს ხმარობდა. საოცარი ის არის, რომ თურმე ეს 20 000 წლის შემდეგაც კი შესაძლებელია“, — ამბობს ბიოქიმიკოსი მათიას მეიერი.

მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი საკუთარი არაინვაზიური მეთოდის გამოყენებას პრეისტორიულ, ძვლისა და კბილისგან დამზადებულ სხვა ობიექტებზეც გეგმავს.

იმედი აქვთ, რომ დნმ-ის საფუძველზე გაარკვევენ ისტორიაში ჩაკარგულ მრავალ დეტალს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.