მეცნიერებმა მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს ჩვენი პლანეტის ისტორიის რეკონსტრუქციაში.
გრენლანდიის გაყინული მიწის დანალექოვანი დეპოზიტები ორი მილიონი წლის წინანდელ აღდგენად გარემოებით დნმ-ს შეიცავს. ეს კი ერთი მილიონი წლით უფრო ძველია წინა რეკორდზე — ციმბირის ტუნდრაში აღმოჩენილ მილიონი წლის წინანდელ ბეწვიანი მამონტის დნმ-ზე.
შედეგად, მეცნიერებმა უძველესი ლანდშაფტის რეკონსტრუქცია შეძლეს და გამოვლინდა პეიზაჟები, რომლებიც ძლიერ განსხვავდება არქტიკული წრის დღევანდელი ყინულოვანი ნაპირებისგან.
„როგორც იქნა, ისტორიაში მილიონი წლით უფრო ძველი, ახალი თავი გაიხსნა და პირველად შეგვიძლია უშუალოდ შევხედოთ ასე შორეული წარსულის ეკოსისტემის დნმ-ს“, — ამბობს კემბრიჯისა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტების გენეტიკოსი ესკე ვილერსლევი.
მისი განცხადებით, დნმ სწრაფად დეგრადირდება, მაგრამ როგორც მათ აჩვენეს, შესაფერის პირობებში შესაძლებელი გახდა დროში იმაზე უკან წასვლა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.
ცოცხალ არსებათა ნარჩენების მიმართ დრო დაუნდობელია; გარემოსგან მომდინარე სტრესის (მაგალითად, მშიერი მიკრობების), ამინდისა და გეოლოგიური პროცესების გამო, დნმ სწრაფად დეგრადირდება. თუკი უძველესი დნმ მაინც გადარჩა, ეს მხოლოდ იმის გამო შეძლო, რომ კბილებში ან ძვალშია ჩაჭედილი, სადაც ის შედარებით დაცულია.
ასევე შედარებით დაცულია გაყინულ მიწაში (მრავალწლოვანი მზრალობა) ჩამარხული მასალები.
ჩრდილოეთ გრენლანდიაში, ფიორდის პირას არსებულ კაპ-კობენჰავნის გეოლოგიური ფორმაციის ყინულიდან და გაყინული მიწიდან აღებულმა ნიმუშებმა მეცნიერებს შორეული წარსულის გარემოებითი დნმ-ის აღდგენისა და რეკონსტრუქციის საშუალება მისცა.
ამ ნიმუშების უმეტესობა მეცნიერებმა წლების წინ, სხვა კვლევისას შეაგროვეს; ექსპედიციები ძვირია და შესაბამისად, მეცნიერები ხშირად საჭიროზე მეტ ნიმუშებს აგროვებენ, ყოველი შემთხვევისთვის. ეს ნიმუშები საცავში ინახებოდა და მათთვის შესაფერის პროექტს უცდიდა.
„ამ დანალექოვან ნიმუშებში უკიდურესად პატარა, დაზიანებული დნმ-ის ფრაგმენტების პოვნა და იდენტიფიცირება მხოლოდ მას შემდეგ შევძელით, რაც ხელმისაწვდომი გახდა დნმ-ის გამოყოფისა და სეკვენირების ახალი თაობის აღჭურვილობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძელით ორი მილიონი წლის წინანდელი ეკოსისტემის რეკონსტრუქცია“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გეოლოგი კურტ კეიერი.
მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად ნიმუშებიდან გამოყოფილი დნმ სულ რამდენიმე წლის წინ უბრალოდ გამოუსადეგარი იქნებოდა: ფრაგმენტები ერთი ციცქნა იყო, ნანომეტრების სიგრძის, ძლიერ დეგრადირებული და ძალიან არასრული.
თუმცა, გასული წლების მიღწევებმა გენეტიკურ სეკვენირებაში, მეცნიერებს მსოფლიოს დნმ-ის ვრცელი მონაცემთა ბაზის შექმნის საშუალება მისცა. დნმ-ის ეს ბიბლიოთეკები მეცნიერებს დნმ-ის რთული ფრაგმენტების შედარების საშუალებას სთავაზობს.
ამ ბიბლიოთეკათა წყალობით, დიდი შრომის შედეგად, მეცნიერებს შეუძლიათ აღადგინონ იმ ორგანიზმთა დაკარგული ნაწილები, რომელთა გენეტიკური მასალაც მილიონობით წლის მანძილზე იყო ქანებში ჩაჭედილი.
„უძველესი დნმ-ის ნიმუშები აღმოაჩინეს დანალექების სიღრმეში, რომლებიც 20 000 წლის განმავლობაში ილექებოდა; ეს დანალექები თანდათანობით ყინულსა და გაყინულ მიწაში შემოინახა და რაც მთავარია, ადამიანთა ხელი ორი მილიონი წლის განმავლობაში არ შეხებია“, — ამბობს კეიერი.
რეკონსტრუქციამ გამოავლინა სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები, რომლებიც თავსებადია საოცრად ზომიერ კლიმატთან. მეცნიერებამა აღმოაჩინეს ჩრდილოეთის ირმის, კარიბუს, ლემინგის, ბატის, კურდღლის და რაც ყველაზე საინტერესოა, მასტოდონის ნათესავი ცხოველები.
დანალექებში აღმოჩნდა ჭიანჭველების, რწყილების, მარჯნის რიფების, ნალისებრი კიბორჩხალების, არყისა და ვერხვის ხეების კვალიც.
მკვლევართა განცხადებით, განსაკუთრებით საინტერესოა მასტოდონის დნმ. ყველა სხვა დანარჩენ სახეობას ჰყავს ნათესავები, რომლებიც დღემდე შემორჩნენ გრენლანდიაში; აქამდე მიიჩნეოდა, რომ მასტოდონი არ იყო ისე ჩრდილოეთით გავრცელებული, როგორც გრენლანდიაა.
მიკროორგანიზმებიდან და სოკოებიდან შეგროვებული დნმ-ის სხვა ნიმუშები დღემდე გადის იდენტიფიცირებას. ეკოსისტემის სრულ მასშტაბს სამომავლო პუბლიკაციაში აღწერენ.
თუმცა, უკვე გამოიკვეთა ზოგიერთი მახასიათებელი, რომლებიც ადრეული პლეისტოცენის ხანაში გაცილებით თბილ კლიმატზე მიუთითებს — მნიშვნელოვნად უფრო თბილზე, ვიდრე ამჟამინდელი ტემპერატურა.
როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს მიუთითებს დედამიწის მომავალზე ცვალებადი კლიმატის პირობებში.
„ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რა მაჩვენებლით შეძლებენ სახეობები ტემპერატურის მატების გამო შეცვლილ გარემო პირობებზე მორგებას. მონაცემები მიუთითებს, რომ ფართოდ ცვალებად ტემპერატურაზე მორგება და განვითარება იმაზე მეტ სახეობას შეუძლია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის გეოგენეტიკოსი მიკელ პედერსონი.
თუმცა, იგი იქვე აღნიშნავს, რომ როგორც შედეგები აჩვენებს, მათ ამისათვის დრო სჭირდებათ. ამჟამად მიმდინარე გლობალური დათბობის სიჩქარე იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმებსა და სახეობებს ეს დრო არ აქვთ და შესაბამისად, კლიმატის კრიზისი უდიდეს საფრთხედ რჩება მსოფლიოს ბიომრავალფეროვნებისთვის — ზოგიერთი სახეობის ჰორიზონტზე უკვე მოჩანს გადაშენება.
მეცნიერთათვის ეს კვლევა დიდი ნახტომია. ახლა, როცა წარმატებით მოხდა გარემოებითი დნმ-ის გამოყოფა და ინტერპრეტირება თიხიდან და კვარციდან, მალე ამის გაკეთება ალბათ სხვა ადგილებში არსებულ უძველეს დანალექებზეც მოხერხდება.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.